ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ საგამოძიებო უწყების მხრიდან რადიკალური გადაწყვეტილების მოლოდინშია.
არ არის გამორიცხული რამდენიმე დღეში ძალოვანებმა ხორავას ქუჩის საქმეზე ახალი ბრალდებულები დაასახელონ.
სწორედ მიცემული დაპირების შემდეგ შეწყვიტა ზაზა სარალიძემ უწყებაში აქცია. სარალიძე დროებით საგამოძიებო კომისიაში მიმდინარე პროცესსაც ეხმიანება. საქმის საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელი, იოსებ სიგუა წინა დღის მწვავე გამოკითხვის შემდეგ გუშინ პარლამენტში არ მივიდა.
„აუცილებლად მოუწევს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ან პასუხისმგებლობის საკითხის დადგება მისი. ჩემი მოსაზრებაა, რომ შესაძლებელია მართლა ავად არის გუშინდელი მისი დაბნეულობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული გულის შეტევა მიიღო. ჩემი შეხვედრა ვისთანაც არ უნდა შედგეს რა თქმა უნდა, კალანდიას საკითხი დადგება და ყველა იმ პირზე იქნება საუბარი, ვის რა წვლილი მიუძღვის ამ საქმეში“- აცხადებს ზაზა სარალიძე.