17 ნოემბერი 2024,   16:27
ვრცლად
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა - კალაძე

დედაქალაქის მერის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა. როგორც კახი კალაძემ განაცხადა ქალაქის მერიასა და „სითი ინსტიტუტს“ შორის შეთანხმებული დოკუმენტი საკრებულოში გადაიგზავნება.

"ხანგრძლივი დისკუსიის, პროფესიული განხილვებისა და მრავალი ადამიანის შრომის შედეგად, დღეს დასრულდა თბილისის მიწათსაწრგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტმა და „სითი ინსტიტუტმა“ დაასრულეს ძირითადი სამუშაო პროცესი და დოკუმენტი მზად არის შემდგომი განხილვებისთვის საკრებულოში გადასაგზავნად.

მისი თქმით, დოკუმენტის უმთავრესი ხაზი - მწვანე, შეკავშირებული, კომპაქტური და მედეგი ქალაქის კონცეფცია, თავიდანვე დადებითად იყო შეფასებული დედაქალაქის მერიის მხრიდან და შესაბამისად, სრულად იქნა გაზიარებული. 

„მოგეხსენებათ, თბილისის მუნიციპალიტეტის და პროფესიული წრეების წარმომადგენელთა დიდი ნაწილის პოზიცია კონცეფციასთან მიმართებაში ყოველთვის დადებითი იყო, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ იყო გამყარებული სრულყოფილი, აღსრულებადი დოკუმენტი.

"ჩვენ არაერთი შენიშვნა გვქონდა, ამ დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებების განხორციელების გზებზე, ეტაპებზე, საკუთრების საკითხებზე, რუკის დახვეწაზე, ზონირების საკითხის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანაზე და არაერთ სხვა თემაზე, რომელიც წერილობითი სახით იყო წარდგენილი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე და მედიაშიც არაერთხელ იყო განხილვის საგანი.

"თუმცა, ერთობლივი მუშაობით, საერთო ძალისხმევით “სითი ინსტიტუტის”, თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურების და პროფესიული წრეების წარმომადგენლების ჩართულობით, ყველა ის ხარვეზი მაქსიმალურად იქნა გათვალისწინებული და აღმოფხვრილი. დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები, დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები - მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალები, რომელიც გვაქვს ქალაქში, ეს არეალები არის ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია, დიღომი, თბილისის ზღვა და სხვა“, - განაცხადა კალაძემ. 

მისი თქმით, წარმოდგენილ გენგეგმაში გათვალისწინებულია 4 ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობა და 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა.

კალაძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული შემდეგ საკითხებზე:  ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.

"ჩვენ ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს, არის ის კარკასი, ის საბაზო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ“, - განაცხადა კალაძემ.

დღის ამბები