იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილი გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა. დახურულ რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე სასამართლოს თავმჯდომარის საკითხი განიხილეს.
უკვე ცხრა თვეა, გურჯაანის რაიონულ სასამართლოს თავმჯდომარეს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა და მას შემდეგ საბჭოს ახალი კანდიდატურის შესახებ არ უმსჯელია.
ოფიციალურად არც მოვალეობის შემსრულებელია დანიშნული. ჯანეზაშვილის თქმით, უპრეცენდენტო შემთხვევაა, როცა სამოსამართლო საქმიანობის მიუხედავად, მოვალეობის შემსრულებელი არ იღებს შესაბამის ანაზღაურებას. ის ამ საკითხს საბჭოს სხდომაზე მომავალ კვირას ოფიციალურად დააყენებს.
„უკვე ცხრა თვეა ოფიციალურად არ არის დანიშნული თავმჯდომარე. არც ოფიციალურად არ არის დანიშნული მოვალეობის შემსრულებელი. საბჭო ვალდებულია ამ საკითხის მოგვარებაზე იზრუნოს,თუმცა აქამდე საბჭოს ეს საკითხი დღის წესრიგში არ დაუყენებია,“-აცხადებს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.