ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის ოჯახი გამოძიებას დროულ რეაგირებას სთხოვს. სამი თვის წინ საკუთარ სახლში მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები ბოლო დღეებში მიღებულ საეჭვო ზარებზე საუბრობენ. მათ უკვე მიაწოდეს ინფორმაცია გამოძიებას და უსაფრთხოების მიზნით დაცვაც აიყვანეს.
„ვერ გეტყვით, რომ პირდაპირ მუქარა იყო, მაგრამ იყო შეფარული მუქარა. ჩვენს ოფისთან უნდა გვენახა მობილური ტელეფონი , შემდეგ უკვე დაგვირეკავდნენ და გვეტყოდნენ რა უნდოდათ.
მოკლეს რაღაცისთვის. ეს ხომ არ იყო მკვლელობა აფექტის ნიადაგზე, სადღაც შელაპარაკება, ლოგიკური გაგრძელება ხო უნდა ჰქონდეს? მოკლეს იმიტომ რომ რაღაც უნდათ და ეს გრძელდება ჩვენი აზრით“- აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი ნატია ქადაგიშვილი.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახის ახლობელი მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ ოჯახის უსაფრთხოების დაცვას საკუთარი ძალებით ცდილობს. შს სამინისტრომ მათ სახელმწიფო დაცვის გამოყოფაზე უარი განუცხადა.
„ამაზე მეტი საფრთხე რაღა უნდა არსებობდეს? გასაგებია, რომ ვიღაც შეიძლება გაშანტაჟებდეს, მაგრამ ამ ჯგუფმა აჩვენა თავის შესაძლებლობები, მიადგა სახლში და მოკლა მხეცურად. როგორც ჩანს ეს რაღაც ბიზნეს ინტერესებთან არის დაკავშირებული“- აცხადებს მამუკა გამყრელიძე.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ უცნობმა პირმა დღეს კიდევ ერთხელ დაურეკა. ოჯახი სამართალდამცველებისგან ზარის ავტორის დროულად დადგენას ითხოვს.
ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე სამი თვის წინ საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მკვლელის ვინაობა შს სამინისტრომ დაადგინა, თუმცა დაკავებული ამ დრომდე არ არის. მას პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.
რაც შეეხება შს სამინისტროს, მათ ამ დროისთვის არ აქვთ პასუხი ვინ ემუქრება მოკლული ბიზნესმენის ოჯახს. უწყებაში განაცხადეს, რომ მუქარის შემცველი ზარების შესახებ დაწყებული გამოძიების შესახებ ინფორმაციას "კურიერს", დღის ბოლომდე მიაწვდიან.