84 მომხრე 3 წინააღმდეგი - პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მთავრობის სტრუქტურული ცვლილებები პირველი მოსმენით დაამტკიცეს. კენჭისყრას წინ უძღოდა დებატები. ოპოზიციამ ღიად განაცხადა, რომ მათ ცვლილებების პაკეტი არ მოსწონს, რადგან ის ბიძინა ივანიშვილის სურვილებზეა მორგებული.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს საქმე ნორმალურ, დემოკრატიულ მთავრობასთან თქვენი ხელისუფლების პირობებში და შესაბამისად ეს ცვლილებები რა თქმა უნდა არ არის გამოწვეული რაიმე სახელმწიფოებრივი ხედვიდან. ეს ცვლილებები არის გამოწვეული ძალიან მარტივად, ბიძინა ივანიშვილის სურვილიდან, რომ მან იკონტაქტოს ნაკლებ ადამიანთან. რომ ნაკლები ადამიანის მეშვეობით აკონტროლოს საქართველოს მთავრობა,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.
„ევროპულმა საქართველომ“ კი კიდევ ერთხელ ითხოვა განმარტებები თუ რა სიკეთეს მოუტანს მოქალაქეებს სამინისტროების შემცირება.
„მე მირჩევნია უფუნქციო დამსკანერებლის დამხმარის ნაცვლად იხეიროს პენსიონერმა , პედაგოგმა სოციალურად დაუცველმა, დევნილმა და სხვა სოციალურად მოწყვლადმა ფენამ ვიდრე თქვენმა პარტიულმა აქტივმა. დიაც, მე მინდა ზუსტად ვიცოდე რას უდრის 14 -3,“-განაცხადა ლელა ქებურიამ.
მთავრობასთან კითხვები ჰქონდა „პატრიოტთა ალიანსსაც“. ადა მარშანიამ განათლების სფეროზე ისაუბრა და ინიციატივით გამოვიდა, რომ ყველა სამინისტრო გაერთიანდეს.
„ძვირფასო მთავრობავ, აქვს თუ არა განათლების სამინისტროს კავშირი ეკონომიკასთან? გარკვეულწილად აქვს. აქვს თუ არა კავშირი განათლების სამინისტროს თავდაცვასთან? ალბათ აქვს. განათლებას პრაქტიკულად ყველა სფეროსთან აქვს კავშირი, ვიცით ჩვენ ყველამ ეს. ამიტომ ყველა სამინისტრო გავაერთიანოთ და ვუწოდოთ განათლებისა და სხვა სფეროების სამინისტრო,“-განაცხადა ადა მარშანიამ.
ოპოზიციას მმართველი გუნდიდან გია ვოლსკი უპასუხა. მან ხაზი გაუსვა ოპონენტების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის გამოყოფას და თქვა, რომ ეს ერთგვარი სტრატეგიაა მათი, რომ ეს საკითხი ნებისმიერ თემას მოარგონ.
„ამ მიმართულებით სპეციალიზაცია ჩამოყალიბდა უმცირესობაში და ამ თემასთან დაკავშირებით მუდმივი ლაპარაკი არის ერთ-ერთი სტრატეგიული პოლიტიკური მიმართულება, რომელიც ნებისმიერ თემას თან სდევს,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.
მთავრობა სამთავრობო ცვლილებების დამტკიცებას კვირის ბოლომდე გეგმავს. სამთავრობო პაკეტს, რომელიც 116 კანონში ცვლილებებს გულისხმობს რიგგარეშე სესიაზე განიხილავენ.