მეორე დღეა მოკლული ბიზნესმენის ოჯახი ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ცხოვრობს. ვარკეთილის ბაზრობის მფლობელის, ნუგზარ კახიძის მკვლელობიდან სამი თვის შემდეგ, მოკლულის შვილის ტელეფონზე უცნობმა მამაკაცმა დარეკა. ოჯახი თვლის, რომ ზარის ავტორი იმუქრებოდა. მამაკაცმა მათ უთხრა, რომ მისულიყვნენ კონკრეტულ ადგილზე, სადაც დახვდებოდათ მობილური ტელეფონი, აეღოთ და მოგვიანებით მათთან სწორედ იმ მობილურ ტელეფონზე საიდუმლო ზარი განხორციელდებოდა.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ უცნობმა პირმა დღეს კიდევ ერთხელ დაურეკა
ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე დაქირავებულმა მკვლელმა საკუთარ სახლში მოკლა. ის არ დაუკავებიათ, გამოძიებამ მხოლოდ მისი ვინაობა დაადგინა და სასამართლომ გიორგი ჩოფლიანს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მკვლელობის დღესვე გაჩნდა ვერსია, რომ კახიძის სიცოცხლე ბიზნეს ინტერესებს შეეწირა, სწორედ ამას უკავშირებს ოჯახი ბოლო დღეებში განხორციელებულ მუქარის ზარებსაც.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახს, სახელმწიფო არ იცავს. მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების შემდეგ, მათ კერძო დაცვის სამსახური დაიქირავეს.
მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე უცნობი მამაკაცი კახიძეების საცხოვრებელ კორპუსში მივიდა და ბიზნესმენის სახლს ეძებდა. ფოტო აქვს გამოძიებასაც, თუმცა დანამდვილებით არავინ იცის ვინაა მამაკაცი, რომლის ვიზიტიდან რამდენიმე დღეში, ნუგზარ კახიძე საკონტროლო გასროლით მოკლეს.
ვინ რეკავს მოკლული ბიზნესმენის შვილის ნომერზე და რა სურს მამაკაცს უცნობია. ოჯახი დროულ რეაგირებასა და სახელმწიფოს მხრიდან დაცვას ითხოვს.