20 ნოემბერი 2024,   03:22
ვრცლად
მთავარ პროკურატურაში განხეთქილებაა - „კურიერის“ ინფორმაციით, მიზეზი ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი გახდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განხეთქილებაა. „კურიერის“ ინფორმაციით, პროკურორებს შორის დაპირისპირების მიზეზი ახალი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესი გახდა.

„კურიერს“ სანდრო წყარო უყვება, რომ პროკურორების ნაწილი მხარს უჭერს ლევან ძნელაძის კანდიდატურას, ნაწილი კი ირაკლი ნადარეიშვილს.

ძნელაძეც და ნადარეიშვილიც პროკურატურის მაღალჩინოსნები არიან. ლევან ძნელაძე თავდაცვისა და სასჯელაღსრულების სამინისტროების ზედამხედველობის დეპარტამენტს ხელმძღვანელობს. ის საპროკურორო საბჭოს კანდიდატია. ლევან ძნელაძეს ასევე მხარს უჭერს კავკასიის უნივერსიტეტი, სადაც განაცხადეს, რომ ძნელაძე პროფესიონალი კადრია. 

ირაკლი ნადარეიშვილი კი სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.

ასევე ცნობილია, რომ მთავარი პროკურორის პოსტზე სახელისუფლებო გუნდს საკუთარი კანდიდატი ჰყავს შალვა თადუმაძის სახით.

„შალვა თადუმაძესთან მიმუშავია, მას ვერ ვუწოდებდი ოდიოზურს, ის პროფესიონალ ადამიანდ მიმაჩნია. დანარჩენი პროცესს რაც შეეხება, მასში პარლამენტი ჯერჯერობით არ არის ჩართული, პროცესი კანონის მოთხოვნების დაცვით წარიმართება,“- განაცხადა პარლმენტის ვიცესპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

„ევროპულმა საქართველომ“ მთავარი პროკურორობის კანდიდატად „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, შალვა შავგულიძე დაასახელა.

„სამუშაო არის ძალიან ბევრი, ამ სამუშაოს ივანიშვილის მორიგი ფიგურა ვერ გასწევს, ის ხელისუფლებისგან რაც შეიძლება დამოუკიდებელი იყოს. ჩვენ შალვა შავგულიძე იმიტომ წარვადგინეთ, რომ მას ვერც წინა ხელისუფლების სამსახურში ყოფნას დააბრალებს ვინმე, ან ვერც მოქმედი ხელისუფლების გავლენაში ყოფნას,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

პროკურორის შესარჩევ პროცესს უნდობლობას უცხადებს "ნაციონალური მოძრაობა."

„ხელისუფლების მხრიდან არის ძალიან ცუდი შეთავაზებები, ამ ცუდიდან ყველაზე უარესს ამოარჩევენ. მთავარი კრიტერიუმი არის მორჩილება, შავ-ბნელი საქმეების შესრულება და უნდა იყოს პროკურორი ისეთი ადამიანი, რომელიც შეასრულებს ყველაზე ჭუჭყიან დავალებას. პროკურორი, რომელიც ქალბატონი თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით აირჩევა, დამატებითი პრობლემა გახდება მომავალში ქვეყნისთვის,“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ.

დღის ამბები