ე.წ მცირე მთავრობის ფორმირების პროცესში ხარვეზების არსებობის შესახებ სამოქალაქო სექტორი საუბრობს.
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი იმის გასაჯაროებას მოითხოვს, კონკრეტულად რა რაოდენობის თანხა დაიზოგება სამინისტროების ოპტიმიზაციით.
IDFI დასკვნაში წერს,რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, ასეთმა სტრუქტურულმა ცვლილებებმა ვერასდროს უზრუნველყო ბიუროკრატიული ხარჯების ოპტიმიზაცია, ამიტომ ორგანიზაციის რეკომენდაცია რეალური ცვლილებების განხორციელებას უკავშირდება.
„ბიუროკრატიული და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა ვერ მოხდა. გაზრდილი არის 12 მილიონით საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯები. ოპტიმიზაცია მიდის ზუსტად წინასწარ წარმოდგენილი გეგმის გარეშე. ამისთვის აუცილებელია საზოგადოება გაეცნოს კონკრეტულად რას გეგმავს მთავრობა“ -აცხადებს ”ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი საბა ბუაძე.