17 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
მოზარდების მკვლელობის საქმე - საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასრულწლოვნებს მოუსმენენ

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმის გამოძიება საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე არასრულწლოვნების გამოკითხვით დღეს გაგრძელდება. ჯერჯერობით, მოზარდები კომისიის სხდომაზე არ მისულან, თუმცა კომისიის წევრები უკვე შეიკრიბნენ.

მოზარდებთან გასაუბრება ისევ ფსიქოლოგების ჩართულობით მოხდება. მათგან მიღებული ინფორმაცია კი კომისიის დასკვნაში აისახება.

საგამოძიებო კომისიის წევრების თქმით, მოზარდები, რომლებიც დღეს უნდა გამოიკითხონ, არ არიან სისხლიანი გარჩევის უშუალო მონაწილეები, თუმცა, არიან ამ ინციდენტის თვითმხილველები.

ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ მოზარდების გამოკითხვა სრული ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება კომისიას.

„ჩვენ ახლა დავიწყეთ არასრულწლოვნების გამოკითხვა და ასე გავაგრძელებთ შემდეგი კვირების განმავლობაში. მიგვაჩნია, რომ ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა არის იმისთვის, რომ სრული ინფორმაცია მივიღოთ მათგან,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ თვითმხილველების დაკითხვა კომისიაზე ფსიქოლოგების მონაწილეობით ხდება.

„ჯერჯერობით, არასრულწლოვანი თვითმხილველების დაკითხვა არის და ფორმატი განსაკუთრებული აქედან გამომდინარე არის, იმიტომ, რომ ის ბავშვები ისედაც ტრავმირებულები არიან და კიდევ დამატებით არ მოხდეს მათზე ფსიქოლოგიური ტრავმების გაღრმავება. ისეთი ფორმატია, სადაც ფსიქოლოგების მონაწილეობით ხდება ეს პროცესი, კითხვები ისეთია, რასაც კომისიის წევრები ადგენენ და შესაბამისად, ვცდილობთ, რომ დამატებითი ინფორმაცია, თუ იქნება შესაძლებელი, მოვიპოვოთ,“ - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ფსიქოლოგებით თანდასწრებით კომისიის წევრებმა წუხელ ერთი მოზარდი გამოკითხეს, დღეს იგეგმება რამდენიმე თვითმხილველის დაკითხვა.

დღის ამბები