17 ნოემბერი 2024,   16:29
ვრცლად
სტიქია სვანეთში - შუაზე გაყოფილი ჭუბერი გარე სამყაროს მთლიანად მოწყდა

სვანეთი ისევ სტიქიას ებრძვის. უკვე მესამე დღეა, ჭუბერში ადიდებულ ნენსკრას საცხოვრებელი სახლები და სოფელთან დამაკავშირებელი გზები მიაქვს.

დღეს გამთენიისას წყალმა საავტომობილო გზა მთლიანად წაიღო, რის შემდეგაც შუაზე გაყოფილი სოფელი ჭუბერი გარე სამყაროს მთლიანად მოწყდა. ამ წუთებში ჭუბერში აღარ წვიმს.

ჭუბერის ცენტრში დილიდან სამაშველო სამსახურები მუშაობენ. სტიქიის ზონაში იმყოფება განსახლებისა და ლტოვილთა მინისტრი, სოზარ სუბარი. 

„მდინარის მარცხენა ნაპირი და ხეობის დასაწყისი მოწყვეტილია სოფლის ცენტრს, გარე სამყაროს. მანქანებით ვერ მივალთ, თუმცა ფეხით მისვლა შეიძლება. 7 ადამიანი გამოვიყვანეთ, ადამიანები, რომლებიც იყვნენ გალიდან ჩამოსულები და ერთ-ერთ ოჯახში სტუმრად იყვნენ. ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ, რა მოვუხერხოთ გზის ამ მონაკვეთს. 21 ოჯახი რჩება მეტ-ნაკლები საფრთხის ქვეშ, მათგან რეალური საფრთხე ემუქრება 6-7 ოჯახს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მსგავსი სტიქია სვანეთში არ ახსოვთ. მცხოვრებლების ნაწილი ნენსკრა ჰესის მშენებლობასაც აპროტესტებს.

„ასეთი სტიქია არავის ახსოვს, ღამე არ გვძინავს. აქ ცხოვრებაზე გული აცრუებული გვაქვს..... ტყის ჭრა გააკეთა ნენსკრა ჰიდრომ. იმ ადგილებში ის დარჩა, რაც მოჭრეს, როგორც თქვეს, იმან დააგუბაო და ის უბედურება წამოვიდა. საფრთხე ამ წუთებშიც არსებობს,“- აცხადებენ ადგილობრივები.

დღის ამბები