ბათუმში 1 კილომეტრის სიგრძის ესტაკადა გაიხსნა. ღონისძიებას რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი დაესწრო.
ესტაკადა ოთხზოლიანია, მოეწყო განათება, სანიაღვრე ქსელი და ბორდიულები, ამ ეტაპზე ტროტუარის მოპირკეთება მიმდინარეობს, მიმდებარე ტერიტორიაზე კი პარკინგის მოწყობაც იგეგმება.
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ესტაკადის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და აღნიშნა რომ, პირველ რიგში ბათუმელებისთვის ესტაკადა კომფორტულ მგზავრობას და საცობების თავიდან არიდებას უზრუნველყოფს.
„აქ მუდმივად იყო საცობები, მე პირადადაც მომიწია ბევრჯერ, განსაკუთრებით წვიმის დროს დგომა ამ მონაკვეთზე და ნამდვილად იქნება ბევრად უფრო უსაფრთხოც გადაადგილება და ბევრად უფრო კომფორტული ბათუმელებისთვის პირველ რიგში, რომლებიც ყოველდღე სარგებლობენ ქალაქის ამ ნაწილით,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ ბოლქვაძე, აღნიშნავს, რომ ესტაკადის მშენებლობა რეკორდულ დროში განხორციელდა და დამატებითი ხუთი გზის მოწყობა სექტემბრამდე დასრულდება.
მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო, ესტაკადის მშენებლობა 6 თვეში დასრულდა და ექსპლუატაციაში სექტემბრის ბოლოს შევა.