17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
"ევროპულ საქართველოს" უნდა, რომ კომისიის საქმიანობა წაიყვანოს არასწორი გზით - სოფო კილაძე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე 

„მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გინდათ, კომისიის საქმიანობა წაიყვანოთ არასწორი გზით,“ - ეს განცხადება, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ „ევროპული საქართველოს“ მისამართით გააკეთა.

სოფო კილაძის თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრის, ირაკლი აბესაძის მიერ პოლიციელების დადანაშაულება იმაში, რომ არასრულწლოვნების თითქმის მთელი ღამის განმავლობაში გამოკითხვა არ შეიძლებოდა, არასწორია.

„ეს კომისია შეიქმნა, დავუბრუნდები ისევ იმ საკითხს, რომ ის უდიდესი ტრაგედია, რაც დაატყდა ორივე ოჯახს, ამაზე დადგინდეს ჭეშმარიტება და ეს შედის, პირველ რიგში, მმართველი გუნდის ინტერესში იმისთვის, რომ არ დარჩეს საზოგადოებაში არცერთი კითხვა განსაკუთრებით, ოჯახთან მიმართებით, ანუ ოჯახს არ დარჩეს არცერთი კითხვა ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ჩვენ წავიდეთ ჭეშმარიტების გზით და დავსვათ შესაბამისი კითხვები, ჩვენ ვხედავთ იმის მცდელობას, რომ პროცესი „ევროპული საქართველოს“ მხრიდან წავიდეს არასწორი გზით და რას ვგულისხმობ ახლავე გეტყვით. პირველი, მეხუთე მუხლის დარღვევას სთხოვთ პირდაპირ სამართალდამცავებს, სთხოვთ ისეთი ინფორმაციის მოწოდებას, რაც არის კანონით მკაცრად გასაიდუმლოებულები და თუ ისინი მოგვაწვდიან ჩვენ ამ ინფორმაციას, მაშინ ისინი კანონს დაარღვევენ. მეორე საკითხი, ეს ეხება პოლიციის შესახებ კანონს. ბატონმა ირაკლი აპელირება გააკეთა მე-19 მუხლზე, ეს არის პირის გამოკითხვა. ბატონო ირაკლი, ეს  ღონისძიება, საპოლიციო შედგება ორი ქვეღონისძიებისგან, პირველი მუხლი და მეორე მუხლი. თქვენ წაიკითხეთ შეგნებულად მხოლოდ პირველი მუხლი და მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით მეორე მუხლის არსებობის შესახებ, რომელიც არის საფუძველი ამ შემთხვევაში პოლიციის მხრიდან საქმიანობის, ანუ მეორე მუხლი მიუთითებს პირდაპირ იმაზე, რომ პოლიციელს აქვს უფლება გამოიკითხოს პირი იმ შემთხვევაში თუ ამ პირს აქვს ღირებული ინფორმაცია და არასრულწლოვნის შემთხვევაში აუცილებელია მისი კანონიერი წარმომადგენლის, მშობლის ყოფნა. თქვენ შეგყავთ საზოგადოებას შეცდომაში, პირდაპირ ვიძახი ამას და მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ თქვენ გინდათ, კომისიის საქმიანობა წაიყვანოთ არასწორი გზით,“ - განაცხადა სოფო კილაძემ.

საგამოძიებო კომისიის წევრის, ირაკლი აბესაძის თქმით, პოლიციის საქმიანობაში ძალიან ბევრი დარღვევა გამოვლინდა, როდესაც მათ გამოკითხეს ძალიან ბევრი ადამიანი, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ოქმი არ არის შედგენილი.

„არ გაინტერესებთ პოლიციელები რატომ არღვევდნენ კანონს და რატომ კითხავდნენ. რა მუხლიც მიგვითითა პოლიციამ, პოლიციის შესახებ კანონის არცერთი მუხლი არ იძლეოდა საშუალებას, არასრულწლოვნები მთელი ღამის განმავლობაში ყოლოდათ პოლიციის შენობაში, ყოლოდათ ორ საათზე მეტი ხნის განმავლობაში და ყოლოდათ ღამის საათებში,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

დღის ამბები