ჭუბერში მძიმე ტექნიკის დახმარებით ალტერნატიული გზის გაწმენდას ცდილობენ, რომელიც მდინარე ნენსკრამ დღეს გამთენიისას წაიღო. ჭუბერის გამგებლის თქმით, გზის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობდა. გაფართოვდა გზა და ამჟამად ავტომობილების გადაადგილება შესაძლებელია.
სტიქიის გამო ამ დროისთვის სვანეთის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.
„ეს არის ალტერნატიული გზა სოფლის ერთი მხარის მეორესთან დასაკავშირებლად, ხედავთ, როგორ გამოთხარა და ჩაიქცა ეს გზა და ვერ ხერხდება ტექნიკის გადმოყვანა. ახლა მიმდინარეობს ამ გზის გაფართოებითი, გამაგრებითი სამუშაოები. რომ ტექნიკის გადაყვანა მოხერხდეს. ტრანსფორმატორი არის გადასატანი, რომელიც წყალმა წაიღო, დენი რომ მიეწოდოს მოსახლეობას, შესაბამისად, კომუნიკაცია რომ გვქონდეს.“- განაცხადა ჭუბერის გამგებელმა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ ალტერნატიული გზა თუ არ გამაგრდება, სოფლებში ფეხით გადასვლაც კი შეუძლებელი გახდება.
„ფეხით კი გადავდივართ, მაგრამ ესეც თუ ჩაინგრა, მერე ფეხით გადასვლაც იქნება შეუძლებელი. უფალი თუ გადაგვარჩენს,“- აცხადებენ ადგილობრივები.
ამ დროისთვის სტიქიის ზონაში წყლის დონემ 30 სანტიმეტრით დაიკლო. გარემოს დაცვის სპეციალისტების თქმით, ამ ეტაპზე სტიქიის განმეორების საფრთხე ძალიან შემცირებულია.