ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის გამოძიების მიზნით პარლამენტში შექმნილ დროებით საგამოძიებო კომისიაზე დღეს თბილისის სამმართველოს დირექტორი და ერთ-ერთი გამომძიებელი გამოიკითხა. დღევანდელ სხდომაზე ისევ არ გამოცხადდა დეტექტივების სამმართველოს უფროსი, იოსებ სიგუა.
„კურიერის“ ინფორმაციით, იოსებ სიგუამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით კვლევები წმინდა ლაზარეს კლინიკაში გაიარა. თუმცა კლინიკის ადმინისტრაციამ სიგუას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბარი არ ისურვა.
შს სამინისტროს დეტექტივების სამმართველოს უფროსის, იოსებ სიგუას კომისიის სხდომაზე არ მისვლას საგამოძიებო კომისიის წევრები და შსს-ს წარმომადგენლები ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შალვა ბედოიძე აღნიშნავს, რომ სიგუამ კომისიას ჯანმრთელობის ცნობა წარუდგინა.
„დიაგნოზი გახლავთ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია და რაც შეეხება, თუ რატომ არ არის დაკითხვაზე კომისიაზე წარედგინა შესაბამისი სხდომა,“ - განაცხადა შალვა ბედოიძემ.
ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე, სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ სამედიცინო ცნობის მიხედვით ის შეუძლოდ არის, თუმცა, კაპანაძე იმედოვნებს, რომ შსს-ს წარმომადგენელი შეძლებს კომისიის წევრების კითხვებზე პასუხის გაცემას.
სერგი კაპანაძე საგამოძიებო კომისიის მუშაობის პროცესსაც აფასებს. მისი განცხადებით, მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ბოლო პერიოდში კომისიის საქმიანობაზე შეტევა გახშირდა. კაპანაძის თქმით, მისი გუნდის წევრების კითხვების სიმწვავე საქმის მასალებიდან გამომდინარეობს და არა პოლიტიკური პოზიციებიდან.
„ძალიან სამწუხარო არის, რომ კომისიის ზოგიერთი წევრი ცდილობს, რომ მოახდინოს ამ აბსოლუტურად სამუშაო პროცესის პოლიტიზირება. იმიტომ, რომ ერთი მხრივ, მათ არ მოსწონთ კონკრეტული კითხვები, რომლებიც ისმება და ასევე, შეიძლება არ აკმაყოფილებდეს პასუხები, რომლებიც ისმება მოწვეული ადამიანების მხრიდან და ეს არის სამწუხარო და მე ვატყობ, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა კომისიის წევრების მხრიდან შეტევა კომისიის საქმიანობაზე,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
შეგახსენებთ, რომ სიგუა კომისიის მხოლოდ ერთ სხდომაზე მივიდა. მეორე დღეს კი ის გამოკითხვაზე არ გამოცხადდა. შსს-მ განმარტა, რომ სიგუას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.