პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომა ამ წუთებში დახურულ რეჟიმში გრძელდება. სხდომის დახურვა საპარლამენტო უმცირესობამ მოითხოვა, რადგან შეკითხვები, რომელიც კომისიის წევრებს 51-ე სკოლის დირექტორთან და მის მოადგილესთან აქვთ კონფიდენციალურ ინფორმაციას შეიცავს.
მანამდე კი სხდომის ღია ნაწილში, კომისიის წევრების მთავარი შეკითხვები ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს და სკოლის საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა.
სერგო რატიანმა აღნიშნა, რომ სკოლის დირექტორის და მისი მოადგილის დაკითხვის დროს ცხადი გახდა, რომ სკოლებში მომუშავე პერსონალის ფუნქციები ზუსტად არ არის განსაზღვრული. რატიანის თქმით, მანდატურების ფუნქცია და ადმინისტრაციის მართვა მოშლილია და ერთმანეთშია არეული.
„ჩვენ აშკარად, სრულიად დავინახეთ, რომ სკოლის უსაფრთხოება და ის მდგომარეობა, რაც იყო სკოლაში ამ დროისთვის და მანდატურების ფუნქცია და ადმინისტრაციის მართვა იყო, ასე ვთქვათ, მოშლილი და ეს არ ეხებოდა 51-ე სკოლას, ეს ეხებოდა, ფაქტობრივად, მთლიანად, საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას. რადგან თავისთავად, ფუნქციები იყო აღრეული და ამ შემთხვევაში, იმ დღეს, როდესაც ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, ამ შემთხვევაშიც გამოვლინდა უბრალოდ, ის პრობლემები, რომელიც მანამდეც იყო,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.