თბილისის #51 საჯარო სკოლის დირექტორის და მისი მოადგილის დაკითხვა დახურულ რეჟიმში გრძელდება. სხდომის ღია ნაწილში კომისიის წევრებმა დირექტორს სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ ჰკითხეს.
მათი კითხვები ასევე, შეეხებოდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებს.
საგამოძიებო კომისიის წევრის, სალომე ზურაბიშვილის კითხვა საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს შეეხებოდა. ზურაბიშვილს აინტერესებდა, შეესაბამებოდა სიმართლეს თუ არა ინფორმაცია, რომ საპირფარეშოში მომხდარ ინციდენტს მანდატური შეესწრო.
„იცით, სხვა მოწმეებიდან, რომ იმ დღეს ხდება ინციდენტი საპირფარეშოში, სადაც შეესწრო მანდატური, მანდატური ამის შესახებ არ გეუბნებათ არაფერს?“ - მიმართა სკოლის დირექციას სალომე ზურაბიშვილმა.
თბილისის #51 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე, თინათინ ყენია აცხადებს, რომ საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია დირექციას არ ჰქონია. ყენიამ კომისიის წევრის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ საპირფარეშოში ინციდენტის შესახებ პოლიციის განყოფილებაში გაიგო.
„რა თქმა უნდა, რაიმე რომ მომხდარიყო საპირფარეშოში, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოიყვანდა ჩემთან,“ - განაცხადა ყენიამ.
სალომე ზურაბიშვილს ასევე, აინტერესებდა, აქვს თუ არა ვალდებულება მანდატურს, რომ ინციდენტის შესახებ დირექციას აცნობოს. რაზეც ყენიამ უპასუხა, რომ მან არ იცოდა სკოლაში მომხდარი ინციდენტის შესახებ.
საგამოძიებო კომისიის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ის ორი მანდატური, რომელიც 2017 წლის პირველ დეკემბერს 51-ე საჯარო სკოლაში მორიგეობდნენ, დაკითხვაზე დაიბარონ.