სვანეთში ახალგაზრდებმა ხატზე დაიფიცეს, რომ მუნიციპალიტეტში ოქროს მოპოვების მასშტაბურ სამუშაოებს არ დაუშვებენ. სოფელ იელში კვირიკეს ტაძართან შეკრებილებმა ოქროს მოპოვების მხოლოდ ძველი წესის შენარჩუნება მოითხოვს.
ფიცის თანახმად, თუ ხელისუფლება სვანების ნების წინააღდეგ წავა, მაშინ ახალგაზრდები ფიზიკურად შეეწინააღმდეგებიან მუნიციპალიტეტში ოქროს მოსაპოვებლად სპეცტექნიკის შეყვანას.
სვანეთის მდინარეებში ოქროს უკვე საუკუნეებია, ერთი და იმავე წესით მოიპოვებენ. ოქროს მომპოვებელი ჯერ ლოცულობს, შემდეგ იმ ტერიტორიას ასუფთავებს, სადაც მიწა უნდა ამოთხაროს, ბოლოს კი მიწის მასას რეცხავს და ოქროს ნატეხებს ეძებს.
ამ წესის შეცვლასა და ციანიდის გამოყენებით ოქროს მოპოვებაზე სვანებმა უარი რამდენიმე წლის წინ თქვეს, როდესაც ლიცენზიის მფლობელმა ჩინურმა კომპანია "ოპტიკალ სისტემსმა" მათ თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა შესთავაზა.
ჩინურ კომპანიას სვანეთში ოქროს მოპოვების ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ მისცა. ოქროს მოპოვების მასშტაბური სამუშაოების დაწყება მათ რამდენჯერმე სცადეს, თუმცა, ამის საშუალება ადგილობრივებმა არ მისცეს.
სვანეთში დაწყებული პროტესტის გამო, ჩინური კომპანია ცდილობს, ოქროს მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზია სხვა ქვეკონტრაქტორ კომპანიაზე გაასხვისოს, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ ძვირფასი ლითონის მოპოვების უფლებას აქ არავის მისცემენ.
ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ უცხოელი ინვესტორისთვის სვანეთში მათ თანამედროვე ქიმიური წესით ოქროს მოპოვების უფლება არ მიუციათ, თუმცა, არც აუკრძალავთ.
ავტორი: ემა გოგოხია.