17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
„ჯერ ჩემი შვილი მომიკლეს, მერე კიდევ ტერორიზმში რომ დაადანაშაულეს, გული მეკუმშებოდა" - თემირლან მაჩალიკაშვილის დედა

„ჯერ ჩემი შვილი მომიკლეს, მერე კიდევ ტერორიზმში რომ დაადანაშაულეს, გული მეკუმშებოდა ტერორიზმის სახელსაც რომ ახსენებდნენ. ვფიცავ ღმერთს, თემირლანს ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონდა, არც იცოდა, ხუმრობით იტყოდა რაღაცას, ეს SMS-ებიც ხუმრობით არის, გოგოს ელაპარაკება,“- ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ, მედიკო მარგოშვილმა „შაბათის კურიერის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ის პასუხს ითხოვს ხელისუფლებისგან, თუ რატომ მოკლეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს. მოკლული ახალგაზრდის დედამ საქმეში არსებულ SMS შეტყობინებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი შვილი გოგონას სწერდა და იქ ტერორიზმზე საუბარი არ ყოფილა.

„ჯერ მთავრობამ ის დაამტკიცოს, რატომ შემოცვივდნენ შუაღამეს და რატომ მომიკლეს შვილი, ის SMS-ები არის არასწორად გადათარგმნილი. 200 SMS-დან რაღაც შექმნეს და უნდათ, რომ საზოგადოების მხრიდან თანადგომა რომ არის ჩვენდამი, უნდათ, რომ ხალხს აზრი შეაცვლევინონ... თემირლანი ტერორიზმის სახელსაც რომ ახსენებდნენ. ვფიცავ ღმერთს, ტერორიზმთან კავშირი არ ჰქონდა, არც იცოდა, ხუმრობით იტყოდა რაღაცას, ეს SMS-ებიც ხუმრობით არის, გოგოს ელაპარაკება,“- განაცხადა მაჩალიკაშვილის დედამ.

მედიკო მარგოშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, სოსო გოგაშვილი მუქარაში დაადანაშაულა.

„დილით რომ ვითხოვდი, ჩემი შვილის ოთახში შესვლას, მეზობლის ბინიდან გამოვვარდი ტირილით, ვემუდარებოდი, ვეხვეწებოდი, მანახეთ ჩემი შვილი, იქიდან ძალით გამომიყვანეს გარეთ და თითის დაქნევით მითხრა პირდაპირ გოგაშვილმა, ჯერ მითხრა თქვენი შვილი განყოფილებაშია გადაყვანილიო, ჩემთვის ესეც დიდი ტკივილი იყო. დამემუქრა, ხომ გახსოვს რა მოხდაო სალოსზე, სალოსზე რომ სპეცრაზმელი დაიღუპაო, გოგაშვილმა თითის დაქნევით მითხრა, თქვენ სტუმრები ვინ გყავდაო,“- განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.

მოკლული ახალგაზრდის მამა ითხოვს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ტერორიზმში დადანაშაულება შეწყვიტონ.

„ჯერ ხომ დახვრიტეს ბავშვი, თავი დაანებონ თავიანთი დახვრეტილი ბავშვის სულში ძრომას და სულში ქექვას. ნუთუ არ არის ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი მაინც რომ ერთი პროცენტი ვაჟკაცობა მაინც ეყოს, რომ ამას წერტილი დაუსვას. რაში სჭირდებათ ჩემი ოჯახის განადგურება, გიურზის შხამს რატომ წვეთავენ მთელს ჩვენს ოჯახში და ხეობაში,“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

დღის ამბები