„სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი, ზვიად კუპრავა ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს და სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული ვიდეო-მასალის შესწავლას მოითხოვს.
კუპრავას თქმით, აღნიშნულ მასალაში 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევაა ასახული, რომელშიც, თითქოს, კუპრავაც მონაწილეობდა.
ზვიად კუპრავა ამბობს, რომ ექსპერტიზა დაადასტურებს, რომ ამ კადრებში ის საერთოდ არ ფიგურირებს, რის შემდეგაც კუპრავა უკვე სასამართლოს მიმართავს.
ამ წუთებში კი „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის“ დამფუძნებელი სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენებას აძლევს პოლიციას.
კუპრავა არ გამორიცხავს, რომ დაკითხვის შემდეგ ის დააკავონ კიდეც.
„დასკვნას, რომელსაც ავიღებ და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უარყოფითი, ვინაიდან, ფიზიკურად შეუძლებელია, მე რომ ვიყო, ერთი, რომ ის პირი მე არ ვარ და მეორე, ფიზიკურად არ ვყოფილვარ რუსთაველის გამზირზე 26 მაისს. ამ დასკვნას, რა თქმა უნდა, გავაცნობ საზოგადოებას და დასკვნის აღებისთანავე, დაუყოვნებლივ შევიტან სარჩელს იმ პირების წინააღმდეგ, მათ შორის, ტელე „იმედის“, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირების,“ - განაცხადა კუპრავამ.