17 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლიდან შესაძლოა, გამომძიებელ ჟურნალისტთა ჯგუფი გაუშვან - ბორდის განმარტება 

მაუწყებელში საგამოძიებო რედაქციის შესაძლო დახურვასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო განმარტებებს აკეთებს.

საუბარია გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, მაუწყებლიდან გამომძიებელ ჟურნალისტთა ის ჯგუფი გაუშვან, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. 

თუმცა, საბჭოს წევრების ვერსიით, ეს გადაწყვეტილება, ვერ იქნება კავშირში იმ დოკუმენტურ ფილმთან, რომელიც ცოტა ხნის წინ მაუწყებლის ეთერშიც გავიდა. სამეურვეო საბჭოს წევრები აცხადებენ, რომ საგამოძიებო რედაქციის შესაძლო დახურვა ფილმთან კავშირში არ არის. 

გარდა ამისა, იმ დოკუმენტის მიხედვით, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გამოსცა, ჟურნალისტური გამოძიება არის საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთ-ერთი ვალდებულება, თუმცა იმისათვის, რომ ეს ჟანრი განვითარდეს, უნდა შემუშავდეს ახალი პლატფორმა გარე წარმოებისთვის.

საბჭოს წევრები ამ საკითხთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ჟურნალისტური გამოძიების პროდუქტი უმჯობესია, სწორედ გარე წარმოების იყოს.

“ჟურნალისტური გამოძიება გარე წარმოებაზე უნდა გავიდეს, ასეთი ფორმულირებით არის ჩვენ არსებულ პრიორიტეტების  პროექტში. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საბოლოო ვარიანტი. როდესაც ჯერ პროექტზე არის საუბარი, ცოტა ნაადრევად მეჩვენება ასეთი აქციების გამართვა, მით  უფრო როდესაც, ჩემთვის რამდენადაც ცნობილია, ეს დაანონსდა რომ იყო სარალიძის ფილმთან დაკავშირებით. აქვე მინდა უარვყო, რომ ეს პროცესი არანაირ კავშირთან არ არის ლაღიძის ფილმის გაშვებასთან,“ - განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ირინა ფუტკარაძემ.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი ქეთევან მსხილაძის განცხადებით, ის თავიდანვე მომხრე იყო, რომ ჟურნალისტური გამოძიება გარე პროდუქცია ყოფილიყო, თუმცა ის თავის დროზე უმცირესობაში აღმოჩნდა.

„თავიდანვე, რაც საბჭოს წევრი გავხდი, მომხრე ვიყავი რომ ჟურნალისტური გამოძიება ყოფილიყო გარე პროდუქცია, როგორც წესით, ასეა ხოლმე, მაგრამ მე ვიყავი უმცირესობაში და უმრავლესობა არ მეთანხმებოდა მე. ჩემ პოზიციაზე ვრჩები, მიმაჩნია, რომ უკეთესია ჟურნალისტური გამოძიება დამზადდეს გარეთ. მე არ მგონია რომ ასე იყოს და მაგ ფილმს უკავშირდებოდეს ეს, როგორ გაგრძელდება მათთან თანამშრომლობა ეს მე ვიცი, ეს არის მენეჯმენტის გადასაწყვეტი,“ - განაცხადა ქეთევან მსხილაძემ.

ავტორი: ნინო გაზდელიანი 

დღის ამბები