17 ნოემბერი 2024,   17:28
ვრცლად
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო "ლეოგრანდის" შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე “ველმონდის” (ყოფილი “ლეო გრანდის”) შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ უწყება საგანგებო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ სახანძრო-ტექნიკური შემოწმების შემდეგ გაცემული 43 რეკომენდაციის უმეტესობა სასტუმრომ არ შეასრულა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შეფასებისას დადგინდა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა. 

​"საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.

სპეციალისტების დასკვნით, შენობაში არ არის დამონტაჟებული კვამლსაწინააღმდეგო დაცვის სისტემები, რაც ხანძრის შემთხვევაში, შენობაში მყოფ ადამიანებს არ უტოვებს უსაფრთხო ადგილას ევაკუაციისა და გადარჩენის შესაძლებლობას. ​გასული წლის ხანძრის შეფასების შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა დაღუპვის ძირითადი მიზეზი სწორედ კვამლსაწინააღმდეგო სისტემების არარსებობა გახდა.

​კვლავ ვერ ხერხდება სამშენებლო კონსტრუქციების ცეცხლმედეგობისადმი დადგენილი ნორმების რეალიზება, რაც ხანძრის შემთხვევაში ცეცხლის სწრაფად გავრცელების საშიშროებას ქმნის. შენობაში არ შექმნილა საევაკუაციო გზებისთვის დამატებითი ინფრასტრუქტურა და გაურკვეველია, როდის დამონტაჟდება სართულების დამაკავშირებელი გარე საევაკუაციო კიბე. ეს დარღვევების მცირედი ჩამონათვალია, რომლის გამოსწორებისთვის სასტუმროს ადმინისტრაციას არაერთხელ მიეცა გონივრული ვადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, სპეციალისტების დასკვნის საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, დაუშვებლად მიიჩნევდა სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობის ექსპლუატაციაში შესვლას. თუმცა, სასტუმროს ადმინისტრაციამ, მიმდინარე წლის 17 მაისს, სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის სამსახურის მოთხოვნისა და 2017 წლის 24 ნოემბერს სასტუმროში მომხდარი ხანძრის შედეგების სრული იგნორირებით, განაახლა შენობის ექსპლუატაცია.

​სასტუმროს ადმინისტრაციამ სამჯერ შემოწმებისა და დაჯარიმების მიუხედავად, დღემდე ვერ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა, როგორ აპირებს სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას შენობაში.

სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების კუთხით არსებული საგანგაშო მდგომარეობა, უმნიშვნელო ხანძრის შემთხვევაშიც კი, სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ადამიანების სიცოცხლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიმართა სასამართლოს, რათა განჩინების საფუძველზე, სასტუმრო და სამორინე "ველმონდის" შენობას შეუჩერდეს ექსპლუატაცია, რათა დაცული იყოს მოქალაქეების უსაფრთხოება,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

 

დღის ამბები