17 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
„ტყუილს ამბობთ, რაც აქ ზიხართ ბატონო ნიკოლოზ," - ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია მოწმეებს კითხვას

ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმის საგამოძიებო კომისია მოწმეების გამოკითხვას განაგრძობს. დეპუტატებს ჩვენება მისცა წითელი ავტომობილის მძღოლმა, ნიკოლოზ იორდანიშვილმა, რომელიც მკვლელობის დღეს ხორავას ქუჩაზე, ინციდენტის დაწყებიდან ბოლომდე იმყოფებოდა, მაგრამ მანქანიდან არ გადმოსულა.

მოწმე ამბობს, რომ მისი ავტომობილის წინ მიმდინარე ჩხუბის დროს არავინ გარდაცვლილა.

გამოკითხვის დროს, ორი ახალგაზრდის მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა, მოწმე ნიკოლოზ იორდანიშვილი ტყუილის თქმაში დაადანაშაულა.

გოგორიშვილის თქმით, მოწმემ ურთიერთგამომრიცხავი ჩვენები მისცა.

„ტყუილს ამბობთ, რაც აქ ზიხართ ბატონო ნიკოლოზ. ტყუილს, ერთი მარტივი მიზეზის გამო შემიძლია გითხრათ, რომ ამბობთ. პირველი, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე ამბობთ, რომ არ მახსოვს, მაგრამ იმავდროულად, გახსოვთ, რომ ეს იყო 18 დეკემბერი, ნიკოლოზობა თენდებოდა, ვის ოფისში მიდიოდით. ადამიანს მეხსიერება ან აქვს, დეტალური, ან არ აქვს. არ შეიძლება, რომ რაღაცებზე ქონდეს, რაღაცებზე არ ქონდეს... კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ახლავე შემიძლია დაგიფიქსიროთ. თქვენ თავიდან იძახდით, მანქანაში რომ იჯექით, არაფერი გაგიგიათ, არანაირი ხმაური, და მერე გვეუბნებით, რომ 112-ში იმიტომ არ დარეკეთ, რომ წივილ-კივილი უკვე ატეხილი იყო მეზობლების,“ - მიმართა ხათუნა გოგორიშვილმა.

კომისიის გაფართოებულ ფორმატზე სამხარაულის ექსპერტს კითხავენ, რომელმაც ექსპერტიზა მკვლელობის იარაღზე ჩაატარა.

დღის ამბები