თარხან ბათირაშვილის, იგივე ალ შიშანის მეუღლის, სედა დურდუკაევას დაკავების შესახებ, ინფორმაცია არ აქვთ პანკისში. პირველი კომენტარი ცოტა ხნის წინ, დურდუკაევას ოჯახის წევრმა, თარხან ბათირაშვილის მამამ გააკეთა.
თემურ ბათირაშვილი ამბობს, რომ მისი რძალი შვილებთან ერთად სირიაში რამდენიმე წელია ცხოვრობს, თავს კარგად გრძნობდა და თურქეთში გადასვლას არ გეგმავდა. თემურ ბათირაშვილისთვის უცნობია რას საქმიანობდა სედა დურდუკაევა სირიაში.
„თარხან ბათირაშვილის მეუღლე სტამბოლში არ არის გადმოსული. არა ტყუილია, მე გადმოცემით ვიცი, რომ კარგად ვარო, არაფერი მიჭირსო“- ამბობს ბათირაშვილი.
თურქული მედიის ინფორმაციით კი დაეშთან კავშირის ბრალდებით სტამბოლში 5 ეჭვმიტანილი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი სედა დურდუკაევაა, რომელიც თარხან ბათირაშვილის იგივე აბუ ომარ ალ შიშანის მეუღლეა.