თბილისში, ხორავას ქუჩაზე, სისხლიანი გარჩევის დროს მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მამა დაზარალებული მოქალაქეების განცხადებების შეგროვებას იწყებს.
ზაზა სარალიძე და ზვიად კუპრავა ყველას, ვისი საქმეებიც დღემდე არ არის გამოძიებული, ორშაბათს 11:00 საათიდან შეხვედრას სთავაზობენ.
„ამ ადამიანებს დავუდგეთ გვერდით, ვინც უსამართლობის შეგრძნებით ცხოვრობს დღესდღეობით და სისტემა მაქსიმალურად ეცადა, რომ ეს ადამიანები და ეს ოჯახები გაენადგურებინა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოში სამართლიანობა აღდგეს. მე მეორე შვილიც მყავს, მართალია ჩემს შვილს ვერ გავაცოცხლებთ, ვერც ერთის შვილებს ვერ გავაცოცხლებთ, მაგრამ ჩვენ გვყავს მომავალი თაობა, რომლის გულისთვისაც უნდა ვიბრძოლოთ, რათა სამართლიან ქვეყანაში იცხოვრონ,“ - აცხადებს ზაზა სარალიძე.
განცხადებების შეგროვების შემდეგ ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე მიმართავენ პრემიერის ადმინისტრაციას და მისცემენ მთავრობას გონივრულ ვადას, რათა დროულად მოხდეს ყველა საქმის გამოძიება.
“შევქმნით სრულ ბაზას პირებისა, ვინც ჩვენთან მოვა და შესაბამისად ადამიანების, ვინც არის სისტემის და ძალადობის მსხვერპლი, შემდეგ ამ სიას წარვუდგენთ დანიშნულ მთავრობას, მივცემთ გონივრულ ვადას, შესაბამისად მოვთხოვთ ამ გონივრულ ვადაში თითოეული ამ პირების მიმართ იყოს გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები. კონკრეტული ნაბიჯები იმისთვის, რომ სამართლიანობა ამ ადამიანებისთვისაც იყოს აღდგენილი,“ - განაცხადა ზვიად კუპრავამ.