„პრეზიდენტის განცხადება, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არის რეალობას მოკლებული, რადგან მას არ გააჩნია ის რესურსი, რომ ქართული ოცნების კანდიდატს გაუწიოს კონკურენცია,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობაში გიორგი მარგველაშვილი განცხადებას საპრეზიდენტო არჩევნებთან და მმართველი გუნდის კანდიდატთან დაკავშირებით, კრიტიკულად აფასებენ და აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ზრდილობის ფარგლებს გასცდა.
დიმიტრი ხუნდაძის თქმით, არჩევნებში მონაწილეობისთვის გიორგი მარგველაშვილს არც პარტიული და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნია.
„მე ვფიქრობ, ეს არის მისი მცდელობა, წარმოაჩინოს საკუთარი თავი, მას აქვს, რა თქმა უნდა, ამის უფლება, რამდენადაც ეს მისაღები, მიუღებელი ან ღიმილის მომგვრელი იყოს, მაგრამ მას ასევე, აქვს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც, მაგრამ ის აუცილებლად მარცხით დასრულდება,“ - განაცხადა ხუნდაძემ.
პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარე, გია ჟორჟოლიანი, აცხადებს, რომ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატს უახლოეს მომავალში დაასახელებს, თუმცა, მისი თქმით, პარტიაში კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.
გია ჟორჟოლიანი დარწმუნებულია, რომ ქართული ოცნების კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.