17 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
მეშახტეები, ადმინისტრაციის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით, აქციებს იწყებენ 

ტყიბულში მეშახტეებს ემშვიდობებიან - 16 ივლისს მინდელის სახელობის შახტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილი 2 მეშახტე დღეს დაკრძალეს, ორს კი ხვალ დაკრძალავენ.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მეშახტეები მასშტაბური საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

საპროტესტო გამოსვლა ორშაბათს, დილის 10:00 საათზე, ტყიბულის ცენტრშია დაგეგმილი.

მეშახტეები მინდელის შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

გარდა ამისა, მინდელის სახელობის შახტში დასაქმებულები საქართველოს პრემიერ-მინისტრს პროცესში ჩართვისკენ მოუწოდებენ. მეშახტეები მამუკა ბახტაძეს სთხოვენ, არ დაუშვას შახტების დახურვა და ადგილობრივების შემოსავლის გარეშე დარჩენა.

 „ორშაბათს, 10:00 საათიდან, მოვუწოდებ მეშახტეებს, ყველას, ვისაც გული შესტკივა ამ საქმეზე, შეიკრიბოს ტყიბულის ცენტრში, კულტურის სახლთან. იქ იმართება დიდი აქცია, რათა ეს სისხლისმსმელები, ეს სისხლის მწოველები, დაწყებული  გია ქარქაშაძიდან და დამთავრებული მთავარი ინჟინრით, მთელი პერსონალი, რომელიც არის წარმოდგენილი საქნახშირის ხელმძღვანელობაში, ყველა უნდა გავუშვათ პასუხისგებაში,“ - აცხადებს მეშახტე ხვიჩა გაბუნია.

მომხდარის შესახებ საუბრობენ გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრებიც. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება მათთან მხოლოდ სამძიმრის გამოსაცხადებლად მივიდა და ჯერჯერობით რაიმე სახის დახმარებაზე საუბარი არ ყოფილა.

მინდელის შახტში აფეთქება 16 ივლისს გამთენიისას მოხდა. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 და დაშავდა 6 მეშახტე.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც აფეთქების მიზეზებს დაადგენს.

დღის ამბები