„12 მაისის საპოლიციო ღონისძიებაში სპეცრაზმის ჩართვა ძალის დემონსტრირებად და არაპროპორციულ ღონისძიებად შეიძლება შეფასდეს იმ პირობებში, როცა კლუბის შიგნით შეიარაღებული პირის, ან პოტენციური წინააღმდეგობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა,“ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები 12 მაისს, თბილისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს აფასებენ.
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC)” და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია), 12 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული, ერთობლივი ანგარიშის პრეზენტაცია გამართეს.
მესამე სექტორის განცხადებაში იმ ხარვეზებზეა საუბარი, რომელიც 12 მაისს გამოიკვეთა.
„თანადროულად თბილისის ორ ღამის კლუბში დიდი რაოდენობით პოლიციის, მათ შორის, შეიარაღებული სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე მყოფ ადამიანებში შიშის და დაუცველობის შეგრძნება გააჩინა და სახელმწიფოს მხრიდან რეპრესიული ძალის დემონსტრირების შთაბეჭდილება შექმნა,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
არასამთავრობოების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაურკვეველია სამართალდამცავების კლუბებში შესვლის მიზანი, რადგან 8 პირი პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავდა ნარკოტიკული ნივთიერებების გასაღების ბრალდებით.
განცხადებაში ასევე, საუბარია სასამართლოს მიერ გაცემულ ნებართვაზე, სადაც არ არის აღნიშნული კონკრეტულად რა ნივთის/ობიექტის აღმოსაჩენად და ამოსაღებად მიენიჭა პოლიციას კლუბებში შესვლის უფლება.
ხარვეზად არის განცხადებაში მითითებული ისიც, რომ შსს-ს წარმომადგენლები არ ადასტურებენ კლუბის ტერიტორიაზე სტუმრების პირადი ჩხრეკას, მაშინ, როდესაც „კლუბ „ბასსიანზე“ მყოფი რამდენიმე პირის ახსნა-განმარტება მიუთითებს, რომ პოლიციამ 3 პირი ადგილზე გაჩხრიკა, თუმცა აღნიშნული მოქმედება არც ერთ სამართლებრივ დოკუმენტში არ არის აღწერილი“.
„პოლიციის მხრიდან მასიური დაკავებების გამოყენება თვითნებობის და საპროტესტო მუხტის განეიტრალების შთაბეჭდილებას ტოვებდა;
"დაკავებულთა ნაწილი პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებაზე მიუთითებდა. ადმინისტრაციული დაკავების ოქმები 5 პირის ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. განსაკუთრებით მძიმეა ერთ-ერთი დაკავებულის საკითხი, რომლის სამედიცინო დოკუმენტაციაშიც მარცხენა ბეჭის ძვლის მოტეხილობა ფიქსირდება;
"კვლევის მიზნებისათვის გამოკითხული პირებიდან არცერთს არ განემარტა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსი და დაკავების საფუძვლები. ასევე არ განემარტათ უფლებები, მათ შორის, უფლება ჰყოლოდათ ადვოკატი,“ - აღნიშნულია განცხადებაში.
12 მაისის ღამეს განვითარებული მოვლენების კვლევის შემდეგ, მესამე სექტორი მოუწოდებს პროკურატურას, რომ დაიწყოს გამოძიება უკანონო პირადი ჩხრეკების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე, სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო უკანონო დაკავებისა და ძალის გადამეტების შემთხვევებზე.
კვლევის გუნდი ასევე, მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, რომ შეისწავლოს კლუბ „ბასსიანთან“მიმდინარე სპონტანური აქციის დაშლის ეპიზოდი.
„ნარკოპოლიტიკის თემით პოლიტიკური მანიპულაციების დასრულების მიზნით, პარლამენტმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება რეფორმის დაჩქარებულად და მოკლე ვადებში გატარებასთან დაკავშირებით და მხარი დაუჭიროს მაღალი კონსენსუსით მომზადებული რეფორმის კანონპროექტს, რომელიც პარლამენტში უკვე ერთი წელია ინიცირებულია,“ - აღნიშნულია განცხადებაში.