სოფელ კრწანისის დატბორვის მიზეზი შესაძლოა რუსთავი-თბილისის ცენტრალური მაგისტრალის მშენებლობის დროს დაშვებული შეცდომები გახდა. საუბარია წუხანდელი სტიქიის შედეგებზე, რა დროსაც უეცრად მოვარდნილმა წყალმა დასახლება მთლიანად დატბორა. საჭირო გახდა ხალხის ევაკუაცია. დახოცილია შინაური ცხოველი და ფრინველი, განადგურებულია სახლები და ნათესები. მომხდარს ადგილობრივები სწორედ მაგისტრალის მშენებლობას უკავშირებენ.
ამ წუთებში ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ, რომლებმაც უნდა დაადგინონ იყო თუ არა სწორედ დაგეგმარებული და მოწყობილი არხები, რომელიც უხვ ნალექს გაატარებდა. მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე დავით ტაბიძე არ გამორიცხავს, რომ საჭირო გახდეს ახალი არხებისა და წყლის შემკრებების მოწყობა.
„სპეციალისტები უკვე შესწავლის პროცესში იმყოფებიან, არის თუ არა ნალექთან დაკავშირებული აღნიშნული შედეგი რაც მივიღეთ თუ იყო ტექნიკურად რაღაც გაუმართავი იგივე მილხიდი თუ არხი. ტექნიკური გადაწყვეტა გზების დეპარტამენტის და სხვა ინსტიტუტების ინფრასტრუქტურიდან მაგიტომ არის ჩართული, რომ შესაძლებელია აუცილებელი იყოს ახალი არხის გაჭრა. მაგალითად მოსახლეობის თავზე. არა გზასთან როგორც დღეს ჩვენ ვხედავთ, არამედ მათ თავზეც. იმიტომ რომ მოდინებული წყალი ფერდობებიდან მოდის. და შესაძლოა გადაწყვეტა იყოს, რომ ფერდობის ძირში გაკეთდეს შემკრებები და იქიდან წამოვიდეს წყალი უკვე სწორი მარშრუტით,“-განაცხადა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილემ დავით ტაბიძემ.
ამ წუთებში ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.