სტიქია კრწანისში-უხვი ნალექის გამო მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფელი მთლიანად დატბორა. იაღლუჰჯას ფერდობიდან წამოსული წყლის ნაკადი სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა და დასახლებაში, სადაც მდინარე არაა, წყლის დონემ რამდენიმე წუთში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. დატბორილი სახლებიდან მოსახლეობა სამაშველო ნავებით დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი, განადგურდა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.
სოფლების დატბორვას ადგილობრივი მოსახლეობა რუსთავი-თბილისის მაგისტრალის მშენებლობის დროს დაშვებულ შეცდომებს უკავშირებს. კრწანისელები ამტკიცებენ, რომ სანიაღვრე არხს კალაპოტი შეუცვალეს. დაზარალებული მოსახლეობა დღეს პასუხებს ინფრასრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებისგან ითხოვდა. მოსახლეობის აღშფოთება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სპეციალისტებმა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ურჩიეს. მათი პროგნოზით, სტიქიის განმეორების საფრთხე დასახლებაში ისევ არსებობს.
სტიქიის შედეგების ლიკვიდაციამდე 11 ოჯახი დღეს ადგილობრივმა მერიამ რუსთავში ერთ-ერთ სასტუმროში გადაიყვანა. ხვალიდან კი სოფელ კრწანისში სპეციალური კომისია ფინანსური ზარალის დათვლას დაიწყებს.
ავტორი: ნინო ვარძელაშვილი.