მეშახტეების მოთხოვნა „საქნახშირის“ ადმინისტრაციამ დააკმაყოფილა და სამი მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გათავისუფლდა. მინდელის შახტში დატრიალებული ტრაგედიის გამოძიების დასრულებისთანავე პოსტს კომპანიის ხელმძღვანელი ჯუმბერ ჯაყელიც დატოვებს.
ქვანახშირის საბადოების მმართველი კომპანიის გენერალური დირექტორის გადაყენებას დასაქმებულები ოთხი მეშახტის გარდაცვალების შემდეგ ითხოვენ. „საქნახშირმა“ დასაქმებულ მუშებს გარანტია მისცა, რომ შახტში შეჩერებული სამუშაოების მიუხედავად, ხელფასს სრულად აიღებენ.
კომპანიის ხელმძღვანელების გადაყენების მოთხოვნით მეშახტეები დღეს ტყიბულის ცენტრში შეიკრიბნენ. მთავარი მოთხოვნა აქციიდან სამ საათში დაკმაყოფილდა, თუმცა პოსტიდან გათავისუფლებულები ამბობენ, რომ თანამდებობი საკუთარი სურვილით დატოვეს და ისინი არ გაუთავისუფლებიათ.
„საქნახშირის“ გენერალური დირექტორის უკვე ყოფილი მოადგილე გია ქარქაშაძე ადასტურებს, რომ უბედური შემთხვევა და ოთხი მეშახტის დაღუპვა გადაცდომებმა გამოიწვია, თუმცა ვისი მხრიდან, არ დააკონკრეტა.
„საქნახშირის“ მაღალჩინოსნების გათავისუფლების შემდეგ მეშახტეები მოითხოვენ, რომ ქვანახშირის საბადოების მფლობელმა კომპანიამ ახალი ხელმძღვანელობა მათთან შეთანხმებით დანიშნოს. დღეს აქციაზე შეკრებილებმა პრემიერმინისტრს და მთავრობის წევრებს ტყიბულში ჩასვლა მოსთხოვეს.
ტყიბულის ცენტრში დილიდან ავტომობილების კოლონა შავი სამგლოვიარო ლენტებით მოძრაობდა. აქციის მონაწილეები მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებენ. აქცია მეშახტეთა ქალაქში ხვალ 12:00 საათიდან განახლდება.
ავტორი: თაკო სურგულაძე.