როგორ უნდა დაკომპლექტდეს საპროკურორო საბჭო და რა პრინციპით უნდა მოხდეს გენერალური პროკურორის არჩევა - პროკურატურის რეფორმაზე სასტუმრო „რედისონში“ დილიდან მსჯელობენ. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ინიცირებულ ფორუმში პარლამენტისა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ჩაერთვნენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები საპროკურორო საბჭოს ფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით, საბჭო დეპოლიტიზირებული უნდა იყოს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ საპროკურორო საბჭოს შემადგენლობასთან დაკავშირებით კონსენსუსს მარტივად მიაღწევენ.
„დღევანდელმა შეხვედრამაც აჩვენა, რომ ყველაზე დიდი დისკუსია სწორედ ამ თემას მიეძღვნა მაინც. თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ჯერ კიდევ არის სივრცეები დატოვებული ამ დისკუსიისთვის და მაქსიმალურად ოპტიმალურ მოდელამდე მივალთ,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.
პრეზიდენტის მრჩევლის ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში, კახა კოჟორიძის თქმით, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით დღევანდელ შეხვედრაზე პოლიტიკურ ნებაზე არ უსაუბრიათ.
„ჩვენ, ცხადია, გაგვიჭირდება ვისაუბროთ პოლიტიკურ ნებაზე, როდესაც სულ ახლახან დავინახეთ, რომ იუსტიციის მინისტრმა სწორედ ამ პროცესში ასე დემონსტრაციულად დაარღვია კანონი და ამაზე არც არავის არაფერი არ უთქვამს,“ - განაცხადა კოჟორიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას ფართო დისკუსიის საფუძველზე მიიღებენ.
ცვლილებების აუცილებლობა 2017 წელს საკონსტიტუციო ცვლილების შეტანის შემდეგ დადგა, რომელთან შესაბამისობაშიც უნდა მოვიდეს ეროვნული კანონმდებლობა.