„ზოგი ამბობდა, რომ გარდაცვლილია, ზოგი კი საპირისპიროს ამტკიცებდა. ახლა მაშველებმა მითხრეს, რომ გარდაცვლილია,“ - ეს განცხადება ევგენი ალექსანდროვის ცოლმა, ტატიანა ალექსანდროვამ გააკეთა.
გარდაცვლილი უკრაინელი ტურისტის ცხედარი რამდენიმე საათის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა უკვე ამოიყვანეს და პროზექტურაშია გადასვენებული.
გარდაცვლილი ტურისტის მეუღლე სწორედ ქუთაისში აპირებს ჩასვლას. ტატიანა ალექსანდროვას ინფორმაციით, მისი მეუღლის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი, თუმცა, დეტალები მისთვის ცნობილი არ არის და არ იცის, როდის შეძლებს გარდაცვლილი მეუღლის გადასვენებას უკრაინაში.
ტატიანა ალექსანდროვას თქმით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც 8 მთამსვლელი ადიოდა თეთნულდზე, ორი მათგანი მოწყდა ამ ჯგუფს და დაიკარგა. ერთ-ერთი მათგანის გამოყვანა დროულად შეძლეს მაშველებმა.
გარდაცვლილი ტურისტის მეუღლე ამბობს, რომ სამაშველო სამსახურებმა ეფექტურად ვერ იმუშავეს და სამაშველო ოპერაცია გაჭიანურდა.
„ერთი საათის წინ ჩემი ქმრის ნათესავმა დამირეკა და მითხრა, რომ მესტიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ოპერაცია დღეს დილით განახლდა და ჩემი ქმარი მთიდან ჩამოიყვანეს და ახლა ქუთაისში გადაიყვანეს. სწორედ ამიტომ ახლა ქუთაისში მივდივარ. ბოლომდე მჯეროდა, რომ ცოცხალი იყო, ოფიციალური ინფორმაცია არ მქონდა. ზოგი ამბობდა, რომ გარდაცვლილია, ზოგი კი საპირისპიროს ამტკიცებდა. ახლა მაშველებმა მითხრეს, რომ გარდაცვლილია,“ - განაცხადა ტატიანა ალექსანდროვამ.