17 ნოემბერი 2024,   16:37
ვრცლად
მიხეილ კალანდია სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს - ოთარ კახიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დროებით საგამოძიებო კომისიის წევრები  მიხეილ კალანდიას უსმენენ. ის უკვე ორი საათია, კომისიის წევრების კითხვებს პასუხობს. კალანდია სწორედ ის მოწმეა, რომლის პასუხისგებაში მიცემას კომისიის წევრები ითხოვდნენ. მიხეილ კალანდიამ წინასწარი გამოძიების და სასამართლო პროცესების დროს 5-ჯერ შეცვალა ჩვენება. 

"მიხეილ კალანდია პარლამენტის საგამოძიებო კომისიის რეკომენდაციის თანახმად და ჩვენი შეფასებით, სისხლის სამართლებრივ დევნას უნდა დაექვემდებაროს. მის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების სპექტრის გათვალისწინებით," – განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ.

მისივე თქმით, არსებობს 8 მოწმის მტკიცებულება და საკუთრივ მ.კ.–ს აღიარებითი ჩვენება, რომ იგი არის მკვლელობაში თანამონაწილე. მისი თქმით, ასევე ირკვევა, რომ საქმის პროკურორები არ ატარებენ შესაბამის ღონისძიებებს, რაც მ.კ.–ს მხილებისთვის არის საჭირო.

„არ არის ვალდებული ადამიანი, მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, განსაკუთრებული მოლოდინი მ.კ.–ს ჩვენების ინფორმატიულობასთან დაკავშირებით არ გვაქვს. თუმცა ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, რადგან მ.კ. არის ის პირი, რომლის უშუალო ჩართულობითაც დაიწყო საერთოდ ეს კონფლიქტი. ეს არის პირი, რომელმაც შეკრიბა თავისი სამეგობრო, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა დანაშაულში არიან მხილებულები და ეს არის პირი, რომელიც ჩხუბის დაწყებიდან ბოლომდე სარალიძესთან იმყოფებოდა ფარდულში და მასთან უშუალო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა, იჭერდა და ურტყამდა მას. ამავე დროს ხედავდა, როგორ ურტყამდნენ დავით სარალიძეს დანებს. ამიტომ ეს პირი ძალიან მნიშვნელოვანი, ცენტრალური ფიგურაა ამ საქმის, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა გავუსვა, რომ პირი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ. 

მიხეილ კალანდიას გამოკითხვამდე კომისიის წევრებმა პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის შვილს მოუსმინეს. მოზარდი ფსიქოლოგის და კანონიერი წარმომადგენლის - დედის თანდასწრებით დაიკითხა. 

დღის ამბები