თბილისის გენერალური გეგმის თანახმად, რომელიც 2019 წლიდან უნდა ამოქმედდეს, ფასები გაიზრდება პროდუქტებსა და პარკირებაზე, საწარმოებს დაუწესდებათ ლიმიტირებული წყლის და ბუნებრივი აირის მოხმარება.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, დედაქალაქის ახალი გენერალური გეგმის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქში ცხოვრება ძვირდება.
გენგეგმის პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების და ბუნებრივი აირის მომსახურების მუხლში წერია, რომ საწარმოებს უნდა დაუწესდეთ ლიმიტი და თუ საწარმო ამ ლიმიტს გადააჭარბებს, მას უნდა დაუწესდეს საჯარიმო სანქციები გადაჭარბებულ ბუნებრივ აირსა თუ წყალზე.
საწარმოებს, რომელთაც პოტენციურად ემუქრებათ სანქციების დაწესება, აცხადებენ, რომ ეს ცვლილება გამოიწვევს ხარჯების გაზრდას და შესაბამისად, გამოიწვევს პროდუქციის ფასების ზრდასაც.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ ჯარიმის გადახდა, პირველ რიგში, პურის საცხობ და მედიკამენტების კომპანიებს შეეხება.
„თბილისის მერიის ამ ჩანაწერის გამო შესაძლებელია, გაძვირდეს შემდგომში უკვე პური, მედიკამენტი, სხვადასხვა საკვები პროდუქტი და სხვადასხვა მზა ნაწარმი,“ - განაცხადა ნადირაძემ.