17 ნოემბერი 2024,   16:34
ვრცლად
თბილისის ახალი გენერალური გეგმა - ავტომანქანის გაჩერების მოსაკრებელსა და პროდუქტებზე ფასი ძვირდება

პური და სხვა პროდუქტები თბილისში, სავარაუდოდ, 2019 წლიდან გაძვირდება.

დედაქალაქის გენერალური გეგმის რეკომენდაციების მიხედვით, საწარმოებს წყლისა და ბუნებრივი აირის მოხმარებაზე ლიმიტი დაუწესდებათ, თუ დაწესებულ ლიმიტს გადაცდებიან, საჯარიმო ტარიფის გადახდა მოუწევთ. გაზრდილი გადასახადების კი მათ მიერ წარმოებულ პროდუქციის ფასებზე აისახება.

ახალი რეგულაცია ყველაზე მძიმე ტვირთად პურის საცხობებს დააწვებათ. ამავე სიაში არიან ფარმაცევტული საწარმოებიც, რაც წამლების გაძვირებასაც ნიშნავს.

ოპოზიციის თქმით, აღნიშნული ცვლილება მერიას საშუალებას აძლევს, ბიზნესი შეავიწროვოს და უფრო მეტი თანხის გადახდა აიძულოს.

კიდევ ერთი, რაც გენერალური გეგმის თანახმად, თბილისში ძვირდება, ავტომანქანის გაჩერების მოსაკრებელია.

დღეს მერიამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ თბილისში პარკინგზე ზონალური და საათობრივი ფასები დაწესდება. ავტომანქანის გაჩერება ცენტრალურ უბნებში უფრო ძვირი იქნება და იმოქმედებს საათობრივი გადასახადი.

მერიას იმედი აქვს, რომ მოქალაქეების ნაწილი, მაღალი გადასახადის გამო, მანქანებს გააჩერებს, მუნიციპალური ტრანსპორტით იმოძრავებს და თბილისში საცობების პრობლემაც მოგვარდება.

თბილისის მერიას საკრებულოს ოპოზიცია სითი პარკის ცვლილების დროს გაცემულ დაპირებებს ახსენებს, რომლის მიხედვითაც, ქალაქში ახალი და გამართული პარკინგები უნდა მოწყობილიყო. სინამდვილეში კი მოქალაქეები იმავე სერვისში, სავარაუდოდ, გაორმაგებულ გადასახადს გადაიხდიან.

შეზღუდვები შეეხებათ ტაქსის მძღოლებსაც. დღეს მერიამ დააკონკრეტა, რომ ორკარიანი და მარჯვენა საჭიანი ავტომობილების მფლობელებს ტაქსის ლიცენზიას არ მისცემენ. უახლოს მომავალში კი თბილისის მთავრობა დააწესებს ფერს, ტაქსის ყველა მძღოლი ვალდებული იქნება, ერთი ფერის მანქანა ჰყავდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები