17 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
74 დაღუპული და მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი ქართველი ქალია - უკვე 24 საათია, საბერძნეთი მასშტაბურ ხანძარს ებრძვის

74 დაღუპული და 187 დაშავებული - ათენთან მდებარე კურორტი მატი ცეცხლმა რამდენიმე საათში ფერფლად აქცია. საბერძნეთში 3-დღიანი გლოვაა გამოცხადებული და დაკარგულებს ეძებენ.

დამწვარია სახლები და ტურისტული ობიექტები. ხანძრის მთავარი კერები უკვე ლიკვიდირებულია, თუმცა, ძლიერი ქარისა და მაღალი ტემპერატურის გამო, დაზარალებულ რეგიონში ახალი კერები მაინც ჩნდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხანძარს საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა, თუმცა, საქართველოს საელჩო ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლობა საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაღუპულთა და დაშავებულთა სიის გამოქვეყნებას ელოდება. ამ დრომდე საქართველოს ყველა მოქალაქე, ვისაც ეძებდნენ, ნაპოვნია.

კურორტი მატი, რომელიც ათენიდან 30 კილომეტრში მდებარეობს, მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ეპიცენტრი იყო. ალმოდებული შენობებიდან ხალხი გამოსვლას ვერ ასწრებდა. ადამიანები მანქანებით საცობებში დაიწვნენ. გარდაცვლილების ნაწილი ზღვაში დაიხრჩო, როდესაც ალმოდებული სანაპიროდან თავის დაღწევას ნავით ცდილობდა. დაღუპულებს შორის უცხოელი ტურისტებიც არიან. 26 ადამიანის ცხედარი მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ეზოში აღმოაჩინეს.

სანაპიროდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, მაშველებს კატერებისა და ვერტმფრენების მობილიზება დასჭირდათ. სამაშველო-სამძებრო სამუშაოებში სხვადასხვა ქვეყნიდან გაგზავნილი სპეციალისტები ერთვებიან. ხალხის დასახმარებლად რეგიონში სამხედრო ქვედანაყოფებია მობილიზებული.

საბერძნეთი სამძიმრის წერილებს იღებს. ურთულესი მდგომარეობის გამო, პრემიერმა საზღვარგარეთ ვიზიტი შეწყვიტა და ქვეყანაში დაბრუნდა. ალექსის ციპრასმა ატიკაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

საბერძნეთში იტალიამ, გერმანიამ და საფრანგეთმა პირველი დახმარება უკვე გაგზავნეს, თუმცა, ეს საკმარისი მაინც არ არის. მაღალი ტემპერატურისა და ქარის გამო, რეგიონში ცეცხლის ახალი კერები ჩნდება. ატიკაში რამდენიმე თვეა, არ უწვიმია. ნალექს მეტეოროლოგები უახლოესი დღეებიც არ ელოდებიან.

დღის ამბები