17 ნოემბერი 2024,   16:26
ვრცლად
თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტის მეუღლე არ გამორიცხავს, რომ გიდს უჩივლოს

სამაშველო ოპერაცია 6 დღის შემდეგ - თეთნულდზე დაღუპული უკრაინელი ტურისტი ქუთაისში პროზექტურაში გადაასვენეს. ექსპერტიზის დასრულების შემდეგ კი მას საკუთარ სამშობლოში დაკრძალავენ.

ევგენი ალექსანდროვის ცხედარი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა მწვერვალიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ამოიყვანეს.

უწყების განმარტებით, აქამდე ოპერაცია, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ვერ განხორციელდა.

ოფიციალური ვერსია მიუღებელია დაღუპული ტურისტის მეუღლისთვის. მისი თქმით, სამაშველო სამსახურებმა ეფექტიანად ვერ იმუშავეს და სამაშველო ოპერაცია გაჭიანურდა.

„ექსპერტიზის შემდეგ მინდა, ჩემი ქმრის ცხედარი სახლში დავაბრუნო. ამის ორგანიზებაში საელჩო მეხმარება. პრეტენზია, რა თქმა უნდა, მექნება - მე ქმარი დავკარგე. პრეტენზია მაქვს გიდთან, რომელმაც ვერ შეასრულა მისი პროფესიული მოვალეობა. ასევე მაინტერესებს, როდესაც ერთი მთასვლელის ამოყვანა შეძლეს მაშველებმა, რომელიც ჩემს ქმართან ერთად იყო, რატომ ვერ ამოიყვანეს მეორე. არ ვიცი, ჯერ რას ვიზამ, იურისტებთან კონსულტაციებს გავივლი. მანამე ჩემი ერთადერთი ამოცანა არის, ქმარი სახლში წავიყვანო, ქალიშვილთან, რომელიც მას დაბადების დღეზე ელოდებოდა და ავუხსნა, რომ მამა აღარ არის,“ - განაცხადა გარდაცვლილი ევგენი ალექსანდროვის მეუღლემ, ტატიანა ალექსანდროვამ.

დღის ამბები