აჭარაში მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ეხმაურება.
გია აბულაძე ამბობს, რომ მაშინ, როდესაც რეგიონში არის უამრავი პრობლემა, მათ შორის შრომითი მიგრაცია თურქეთში, ამის მოსაგვარებლად არაფერი კეთდება. ასევე, ოპოზიციის არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, სამართალდამცავები არ ინტერესდებიან სახელისუფლებო კორუფციით.
„მიწის ნაკვეთები გაყიდულია, ბულვარი გაყიდეს, ახალი ბულვარი გაიყიდა, კერძო მფლობელი ჰყავს და როცა ჩავიხედეთ დოკუმენტში, ვნახეთ, რომ გადახდის ვადები გადაწეული აქვს ინვესტორს და 6 წელია, ბულვარში მშენებლობა მიდის,“ - განაცხადა გია აბულაძემ.
მისივე თქმით, რეგიონში გაზრდილია ბიუროკრატიული ხარჯები.
„საჯარო ინფორმაციაზე განაცხადები შევიტანეთ, თუ სად ხარჯავენ მივლინებებში ფულს და ამაზეც კი ვერ მივიღეთ პასუხი,“ - განაცხადა გია აბულაძემ.