17 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"ვერასოდეს დავუშვებდი, რომ ივანიშვილს და კვირიკაშვილს შორის ამხელა აცდენა იყო"-მმართველი გუნდი ივანიშვილის ინტერვიუს ეხმაურება

ბიძინა ივანიშვილის მიერ ყოფილი პრემიერის მისამართით გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს  დეპუტატები ეხმაურებიან.

მმართველი გუნდის წევრი რომან კაკულია გაკვირვებას ვერ მალავს და ამბობს, რომ ის ვერასდროს წარმოიდგენდა რომ ბიძინა ივანიშვილსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის ხედვაში ამხელა აცდენა იყო.

„მე ვერასდროს ვერ დავუშვებდი, რომ ამ ხარისხის აცდენა ხედვაში ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებით შეიძლება არსებულიყო პრემიერ-მინისტრსა და ქართული ოცნების დამფუძნებელს შორის რომელსაც ასეთი მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყანაში არსებული რეალობის შექმნაში, როგორიც ეს არის. ყველაზე დიდი მიუღებლობა ჩემთვის არის ეს. მე გაცილებით ადრე უნდა მცოდნოდა ამ უთანხმოების შესახებ,“-განაცხადა პარლამენტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს ეხმაურება დიმიტრი ხუნდაძეც. დეპუტატი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და ექსპრემიერს შორის დაძაბული ურთიერთობის შესახებ მან არაფერი იცოდა. დიმიტრი ხუნდაძე 2016 წლის არჩევნებსაც იხსენებს და ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის მიმართ მას პირადადაც ჰქონდა წყენა.

„კვირიკაშვილთან დაკავშირებით, 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მეც მქონდა შენიშვნები. ჩემი უკმაყოფილება არის ის რომ  2016 წელს პირდაპირ და უფრო ხშირად არაპირდაპირ ჩემს ოპონენტს ჰქონდა მხარდაჭერა ჩემი გუნდის ზოგიერთი წევრისგან,“-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ბიძინა ივანიშვილის მწვავე განცხადებების შემდეგ მმართველი გუნდის წევრები თვლიან რომ პრობლემა კომუნიკაციის კუთხით წარმოიშვა და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ კვირიკაშვილის მიმართ პარტიის ლიდერის დამოკიდებულება მათთვის უცნობი დარჩა.

„გუნდი ჩუმად არ ყოფილა. გუნდი, რომ ჩუმად ყოფილიყო ჩვენ ამ ცვლილებებს ვერ მივიღებდით. დაგვიანებით არის თუ დროზე არის სჯობს, რომ არის. და მეორე საკითხია ის რომ კომუნიკაციების პრობლემები წარმოიშვა,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.

მძიმე ბრალდებები გიორგი კვირიკაშვილს ბიძინა ივანიშვილმა გუშინ წაუყენა. პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ივანიშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისი და სიღარიბე სწორედ ყოფილი პრემიერის ბრალია. პარტია ქართლი ოცნების თავმჯდომარის თქმით გიორგი კვირიკაშვილი და დიმიტრი ქუმსიშვილი მას დოკუმენტებს უმალავდნენ და ბანკებს ლობირებდნენ. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ოქტომბრის შემდეგ კვირიკაშვილთან ურთიერთობა დაეძაბა და პოსტიდან წასვლაც ბოლო შეხვედრაზე პრემიერს მან მოსთხოვა 

დღის ამბები