17 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
„მირზა სუბელიანი იმდენად არაინფორმატიული იყო, რომ დაცვის მხარემაც კი მოხსნა და უარი განაცხადა მის დაკითხვაზე"-თბილისის პროკურორი

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის  წევრების შეკითხვებს მთავარი პროკურორის მოადგილეები პასუხობენ. დეპუტატები დაინტერესდნენ იცნობდნენ თუ არა პროკურორები მირზა სუბელიანს, რომელიც ამ საქმის ორი ფიგურანტის ნათესავია და ასევე  რატომ არ მოხდა მისი დაკითხვა.

მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით მან იმის შესახებ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მირზა სუბელიანის შვილის მონაწილეობდა გაიგო ქალაქის პროკურორისგან, რომელმაც უთხრა, რომ სუბელიანი გაეშვა პოლიციაში.

„ჩემთვის  ცნობილი გახდა პირველ დეკემბერს, რის თაობაზეც მე მითხრა ქალაქის პროკურორმა. დამირეკა და მითხრა, რომ მირზა იყო მოსული ჩემთან სუბელიანი. მის შვილს მოსვლია ინციდენტი,  რასაც მოჰყვა ის უბედურება ხორავას ქუჩაზე და სად არის მირზა გაუშვით პოლიციაში. საქმის კურსში ჩამაყენა იმ მიზნით, რომ მირზა სუბელიანი იყო ჩვენი თანამშრომელი,“-განაცხადა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა.

თავად თბილისის პროკურორი კი ამბობს, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა მინიმალური შემხებლობა საქმესთან.

„საქმეში მირზა სუბელიანის შემხებლობა ის იყო რომ იგი რამდენიმე საათში  როგორც წარმომადგენელი მისი შვილის დაკითხვას ესწრებოდა და ასევე გარკვეული მოწმეები ახსენებდნენ რომ მირზა მივიდა მათთან და მოუწოდა ეთანამშრომლათ საგამოძიებო ორგანოებთან და ამის შემდეგ კადრები გავრცელდა  უკვე პეკინის ქუჩაზე მირზა სუბელიანის გადაადგილების შესახებ,“-განაცხადა თბილისის პროკურორმა მალხაზ კაპანაძემ.

მისი ამ განცხადების შემდეგ „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია დაინტერესდა მაშინ როდესაც თბილისი პროკურორი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანს ჰქონდა შემხებლობა საქმესთან რატომ არ მოხდა მისი დაკითხვა.

რაზეც მალხაზ კაპანაძემ განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი არ იყო ინფორმატიული.

„მირზა სუბელიანი იმდენად არა ინფორმატიული იყო, რომ დაცვის მხარემაც კი მოხსნა და უარი განაცხადა მის დაკითხვაზე,“-განაცხადა მიხეილ კაპანაძემ.

დღის ამბები