პირველი ინტერვიუ პოლიტიკაში დაბრუნებიდან ორი თვის შემდეგ - ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ პოლიტიკური აღიარებით დაბრუნდა. ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ პოლიტიკაში და პარტიულ თანამდებობაზე იმის გამო დაბრუნდა, რომ მართვის სადავეები არ დაეკარგა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არც ის დაუმალავს, რომ მასსა და გიორგი კვირიკაშვილს შორის ურთიერთობა განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, დაიძაბა და იყო რისკი, რომ ექსპრემიერს მისი მითითებები აღარ შეესრულებინა. საბოლოოდ კი ეს დაპირისპირება კვირიკაშვილის წასვლის მიზეზი გახდა.
ბიძინა ივანიშვილის ამტკიცებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბოლო პერიოდში მხოლოდ ორ სამინისტროს მართავდა, პრემიერს მთავრობა არ ემორჩილებოდა და მთავრობის მეთაურის სიტყვას ფასი მხოლოდ დიმიტრი ქუმსიშვილისთვის და ზურაბ ალავიძისთვის ჰქონდა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა მმართველი გუნდისთვის. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ვერც კი წარმოიდგენენ თუ "ოცნების" დამფუძნებელს და მთავრობის მეთაურს შორის ასეთ მწვავე დაპირისპირება იყო.
ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს გიორგი კვირიკაშვილის მიმართ ეთანხმება, პარტიიდან რამდენიმე დღის წინ გარიცხული დეპუტატი. დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მსგავს კრიზისულ ვითარებაში პასუხისმგებლობა პარლამენტმაც უნდა აიღოს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებების ადრესატი მხოლოდ გიორგი კვირიკაშვილი და გადამდგარი მინისტრები არ ყოფილან.
ყოფილმა პრემიერმა „ქართული ოცნების“ გუნდი იმის გამო გააკრიტიკა, რომ ოპოზიციის თავდასხმის დროს მას არ იცავენ. ივანიშვილმა „ოცნების“ წევრებს მიანიშნა, რომ პარტიის რეიტინგი მის პერსონალურ ავტორიტეტზე დგას და თუ მისი დისკრედიტაცია მოხდება ეს პარტიის მიმართ ხალხის ნდობაზე აისახება.