17 ნოემბერი 2024,   16:23
ვრცლად
სკანდალური აუდიო ჩანაწერი - ენმ-ს წევრის, დავით მჟავანაძის მტკიცებით, მას "ოცნების" ლიდერის ძმა მოკვლით ემუქრება

დაპირისპირება ოზურგეთის საკრებულოში გრძელდება - ერთი თვის წინ მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ ოპოზიციის კიდევ ერთ წევრს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელი დავით მჟავანაძე ამტკიცებს, რომ მას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერის ეკა ნინიძის ძმა ურეკავს და ემუქრება. არსებობს აუდიო ჩანაწერი სადაც გარკვევით ისმის, როგორ აგინებს ჯაბა ნინიძე დავით მჟავანაძეს და მას მოკვლით ემუქრება.

ეკა ნინიძესა და დავით მჟავანაძეს შორის დაპირისპირება სოციალურ ქსელში, ოზურგეთის საკრებულოს წევრის მხარდამჭერი აქციების შემდეგ დაიწყო. დავით მჟავანაძის მტკიცებით, მაშინ, როდესაც ის შიმშილობდა ნინიძე მისი მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს შეურაცხყოფას აყენებდა, რამაც ქუჩაში გამოსული მოქალაქეები გააღიზიანა.

პოლიციამ გამოძიება დაიწყო მაგრამ მოძალადე შეერთებულ შტატებში იმყოფება.

ბესიკ ქათამაძეზე მომხდარი თავდასხმის მონაწილეებმა კი დღეს თანამდებობები დატოვეს.

ოზურგეთის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ბესო ქათამაძეს „ქართული ოცნების“ წევრებმა 15 ივნისს სცემეს. ქათამაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებების გამო მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ფრაქციის ოფისში დაიბარეს და მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამის შემდეგ ოზურგეთში საპროტესტო აქციები დაიწყო და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებმა შიმშილით, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს.

ადგილობრივი ხელისუფლება კი ბრალდებებს თავიდანვე უარყოფდა და ამბობდნენ, რომ დაპირისპირების პროვოცირება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახდინა. ეს პოზიცია დღეს შეცვალეს და ძალადობაში მონაწილეებმა საკრებულოს დეპუტატის მანდატზე უარი თქვეს.

 

დღის ამბები