„კურიერის“ წყაროს ინფორმაციით, პატრიარქს გადადგომა ბიზნესმენმა, ვანო ჩხარტიშვილმა ურჩია. აღნიშნულს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში თავად ჩხარტიშვილი არ ადასტურებს.
მეუფე გრიგოლი ადასტურებს, რომ უწმინდესს მოსაყდრედ მეუფე შიოს დანიშვნის შემდეგ გადადგომა და სახლში წასვლა შესთავაზეს. სკანდალური განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გუშინ გააკეთა, თუმცა მან არ დააკონკრეტა, ვინ იყვნენ ის პირები, ვინც ილია მეორეს გადადგომა ურჩიეს.
მეუფე გრიგოლის სკანდალური განცხადება „კურიერმა“ წმინდა სინოდის სხვა წევრებთან გადაამოწმა. გაირკვა, რომ პატრიარქზე ზეწოლის შესახებ იცის ვანისა და ბაღდადის მეუფე ანტონმა. მისი თქმით, სმენია გარკვეული ჯგუფის შესახებ, რომელიც პატრიარქის ტახტიდან ილია მეორის ჩამოცილებას 2017 წლის შემოდგომაზე ცდილობდა.
მეუფე გრიგოლის სკანდალურ განცხადებას თეოლოგები გამოეხმაურნენ. თეოლოგი ლადო ნარსია ვარაუდობს, რომ პატრიარქს სახლში წასვლას მაღალი ავტორიტეტით მოსარგებლე პირი შესთავაზებდა. ის დარწმუნებულია, რომ მეუფე გრიგოლმა უფრო მეტი იცის და არ ლაპარაკობს.
მეუფე დიმიტრი, მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტთან ერთად, დღეს სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებაში 5 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ეპისკოპოსები ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეხვდნენ.
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის თქმით. ე.წ. ციანიდის საქმეზე არის სიახლე, რომელსაც მხოლოდ სინოდის წევრებს გაანდობს და საჯაროდ მსჯავრდებულთან შეხვედრის დეტალებზე არ ილაპარაკებს.