ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის მიმართულებით ხაიშის მონაკვეთის რამდენიმე საათიანი პარალიზების გამო, გადაადგილების პრობლემები შეექმნათ ტურისტებს.
ისინი ხუთი საათის განმავლობაში გზაზე აღმართულ ბარიკადებთან იყვნენ შეჩერებულები და გზის გახსნას ელოდნენ, რასაც აქციის მონაწილეებსა და ტურისტებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
მესტიის სოფლების ჭუბერისა და ხაიშის მოსახლეობა აქციას გუშინ დილიდან მართავდა.
ისინი ხე-ტყის უკანონო მოპოვებასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს აპროტესტებდნენ.
"აქ სრული ანარქიაა. რამდენიმე საათი გზა გადაკეტილი იყო და პოლიცია უმოქმედოდ იდგა. ჩვენ უშგულიდან მოვდივართ და ბათუმში გვინდოდა წასვლა,პოლიციას დახმარებას და გზის გახსნას ვთხოვდით და მათ არაფერი გაუკეთებიათ,"- განაცხადა იან ჰერმანიმ.