დაცვის პოლიციის თანამშრომელი ივანე ჯავახიშვილი გენერალური ინსპექციის წარმომადგენელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.
ჯავახიშვილი სამართალდამცველებმა უწყებაში დისციპლინური სამართალწარმოების გამო დაიბარეს, რადგან დაწყებულია გამოძიება მისი მხრიდან მეუღლის მიმართ მუქარაზე.
ჯავახიშვილის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ინციდენტში გენინსპექციის რამდენიმე თანამშრომელი მონაწილებდა, რომლებმაც ჯავახიშვილს ფორმიდან სამხრეები ჩამოახიეს.
ძალადობას უარყოფენ შსს-ში, სადაც განმარტავენ, რომ ჯავახიშვილი თავად იქცეოდა აგრესიულად, საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები და მოითხოვა შენობის დატოვება.
საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ უკვე დაიწყო.
„კონფლიქტური სიტუაცია ჰქონდა მეუღლესთან, მაგრამ არავითარი ისეთი. რამდენიმე დღის წინ შეტყობინება მიიღო საპატრულო პოლიციამ თითქოს უთანხმოებაა და მერე ისევ შერიგდნენ. პიროვნება, რომელიც გენერალურ ინსპექციაშია, იბარებს მას გენერალურ ინსპექციაში, 10-მდე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები ახორციელებენ მასზე ფიზიკურ ძალადობას. ფორმა შემოხეული აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნაცემია. ხარისხსაც აღარ აქვს მნიშვნელობა იმდენი, აქ სამოხელეო დანაშაულია,“-აცხადებს ადვოკატი თეიმურაზ მაგრაქველიძე.