ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია არასრულწლოვნების გამოკითხვას აგრძელებს.
დღეს შეკითხვებს სამი მოზარდი უპასუხებს, მათ შორის არის მირზა სუბელიანის შვილის ახლო მეგობარი. გუშინ კი კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი რეკომენდაცია მისცა, რომელიც საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის კონკრეტულ ვერსიას უკავშირდება.
ძალოვანი უწყებიდან რეაგირებას კომისიის წევრები უახლოეს მომავალში ელოდებიან.
„ბოლო კვირების განმავლობაში არაერთი პირი გამოვკითხეთ მათ შორის არასრულწლოვანი, სრულწლოვანი, უშუალო თვითმხილველები, ამ ყველაფრის შედეგად გამოიკვეთა გარემოება, რომელიც საინტერესო უნდა იყოს შს სამინისტროსთვის“-ამბობს კომისიის წევრი საპარლამენტო უმრავლესობიდან ანრი ოხანაშვილი.
კომისიის კიდევ ერთი წევრის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის მუშაობის ფარგლებში გაირკვა, რომ საქმესთან შემხებლობაში მყოფი არაერთი პირი გამოკითხული არ იყო.
„როგორც ჩანს შს სამინისტროს აღელვებულია იმით, რომ აშკარავდება და გამოაშკარავდა მათი მუშაობის ხარვეზი“- აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.