17 ნოემბერი 2024,   16:40
ვრცლად
"ის პროტესტის ნიშნად მოიქცა აგრესიულად, საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები" - შსს დაცვის თანამშრომლის ბრალდებებს პასუხობს 

დაცვის პოლიციის თანამშრომელი ივანე ჯავახიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენელებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, შსს განცხადებით ეხმაურება.

უწყებაში ირწმუნებიან, რომ ჯავახიშვილი თავად იქცეოდა აგრესიულად და მან სამხრეებიც საკუთარი ხელით დაიხია.

"დაცვის პოლიციის თანამშრომლის - ი.ჯ.-ს მიმართ, მისი მეუღლის განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლის 21 ივლისს დაიწყო გამოძიება მუქარის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლით.

ი.ჯ.-მ 21 ივლისს სამსახურში მიაკითხა მეუღლეს და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. პოლიციამ გამოძიების დაწყების პარალელურად ი.ჯ.-ს მიმართ იმავე დღეს გამოსცა შემაკავებელი ორდერი.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დისციპლინური სამართალწარმოების ფარგლებში ი.ჯ. გამოკითხვის მიზნით დაბარებული იქნა გენერალურ ინსპექციაში, სადაც ის პროტესტის ნიშნად მოიქცა აგრესიულად, საკუთარი ხელით დაიხია სამხრეები და მოითხოვა შენობის დატოვება, რისი საშუალებაც მისცეს სამინისტროს თანამშრომლება.

გავრცელებული ინფორმაცია გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მხრიდან მისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შესახებ არ შეესაბამება სინამდვილეს და ოჯახში ძალადობის ჩამდენი პირების მიმართ სამინისტროს მკაცრი პოლიტიკის გათვალისწინებით, ემსახურება დისციპლინური და სხვა სახის პასუხისმგებლობისგან თავიდან არიდების მიზანს.

სამინისტრო იმოქმედებს კანონის ფარგლებში როგორც მოქალაქეების, ისე პოლიციელების მხრიდან სამართალდარღვევის შემთხვევაში და მათ მიმართ გაატარებს შესაბამის ზომებს,"-ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციითვე, ივანე ჯავახიშვილის ადვოკატის განცხადება, მისთვის შესაძლო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მიერ სათანადო რეაგირებისთვის გაიგზავნა პროკურატურაში. უწყებამ ძიება უკვე დაიწყო და ჯავახიშვილს სავარაუდოდ დღეს გამოკითხავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები