ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს არასრულწლოვნების გამოკითხვას აგრძელებს. ამ წუთებში კომისიის წევრები ერთ-ერთ მათგანს უსმენენ.
დღეს კი კითხვებს სულ სამი მოზარდი უპასუხებს, მათ შორის არის მირზა სუბელიანის შვილის ახლო მეგობარიც. 2 არასრუწლოვანი 51-ე სკოლელია, კიდევ ერთი კი პირველი ექსპერიმენტულ სკოლის მოსწავლეა.
სამივე მათგანი უშუალოდ იმყოფებოდა სისხლიანი გარჩევის ადგილზე და უშუალოდ შეესწრო კონფლიქტს.
ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისია იმ არასრულწლოვნებსაც დაკითხავს, რომლებიც სისხლიანი გარჩევის შემდეგ შსს-ს არ გამოუკითხავს.
„დღეს საგამოძიებო კომისიას უწევს ახსნა-განმარტების მიღება არასრულწლოვნებისგან, რომლებმაც მნიშვნელოვანი დეტალები იციან მომხდარის შესახებ, მაგრამ თავის დროზე შსს-მ არ დაკითხა და მეორე, არსებობენ არასრულწლოვნები, რომლებიც შსს-მ დაკითხა, მაგრამ სწორედ საგამოძიებო მოქმედებების არასრულყოფილად, არათანმიმდევრულად წარმართვის გამო, რის მაგალითებიც საზოგადოებამ არაერთი ნახა, ამ არასრულწლოვნებისგან შსს-მ ვერ მოახერხა საქმის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალების მიღება და დღეს ისინი იხსენებენ და საუბრობენ ამ დეტალების შესახებ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საგამოძიებო კომისიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიდევ ერთი რეკომენდაცია მისცა, რომელიც საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე მკვლელობის კონკრეტულ ვერსიას უკავშირდება.