17 ნოემბერი 2024,   16:28
ვრცლად
რამდენიმე პოლიციელი დამესხა თავს, მაყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფა - დაცვის პოლიციის თანამშრომლის პირველი კომენტარი

დაცვის პოლიციის თანამშრომელი, რომელის წინააღმდეგაც გამოძიება ოჯახური ძალადობის მუხლითაა დაწყებული და რომელიც თავად საუბრობს პოლიცილების მხრიდან ძალადობაზე, პირველ კომენტარს აკეთებს.

ივანე ჯავახიშვილი ამბობს, რომ მას პოლიციის სამმართველოში რამდენიმე სამართალდამცველი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და სცემდა.

ჯავახიშვილის თქმით, მას მეუღლესთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა, რის გამოც მეუღლემ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა ოქმში დააფიქსირა, რომ მეუღლეს მისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ამის მიუხედავად , ჯავახიშვილი ამბობს, რომ პოლიციაში გადაყვანის შემდეგ სამართალდამცველებმა სცემეს და სამხრეები აახიეს.  

„იწყება გინება, რომ საერთოდ რატომ ვჩივივარ. რატომ ვრევ სხვა უცხო ადამიანს, როდესაც მე არავინ ჩამირევია.

იწყება სიტყვიერი შეურაცხყოფა, მე ვაპროტესტებ, რომ აქ არის პოლიცია და სიტყვიერ შეურაცხყოფას არ უნდა ჰქონდეს ადგილი, რაზეც უფრო ღიზიანდებიან რამოდენიმე ადამიანი მესხმის თავს მიჭერს და ფიზიკურად მისწორდება.  

დააფიქსირა ჩემმა მეუღლემ, რომ მე იმასთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, იყო ჩვეულებრივი კამათი, რის გამოც გამოიძახა საპატრულო პოლიცია,“-ამბობს დაცვის პოლიციის თანამშრომელი ივანე ჯავახიშვილი.

ჯავახიშვილის უფლებადამცველი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაცვის პოლიციის თანამშრომელს ფორმიდან სამხრეებიც ჩამოახიეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი განმარტავენ, რომ ჯავახიშვილი თავად იქცეოდა აგრესიულად და რომ სამხრეებიც საკუთარი ხელით დაიხია. საქმეზე გამოძიება თბილისის პროკურატურამ უკვე დაიწყო, ჯავახიშვილს სავარაუდოდ დღეს გამოკითხავენ.

დღის ამბები