გარემოს ეროვნულმა სააგენტომ თბილისსა და მის შემოგარენში დაფიქსირებულ ნისლთან დაკავშირებით განცხადება შეცვალა. ამჯერად ნისლის მიზეზად უწყება, ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას ასახელებს. პირველ განცხადებაში კი გარემოს ეროვნულ სააგენტოში ამბობდნენ, რომ ნისლი ცხელი ჰაერის მასებისა და გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით არის განპირობებული, რაც ზაფხულისთვის დამახასიათებელია.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით არსებული სინოპტიკური სიტუაციის გამო (სამხრეთიდან მოქმედი ცხელი ჰაერის მასებისა და ამიერკავკასიის ჩრდილოეთით მდგარი შედარებით გრილი ჰაერის მასების ურთიერთქმედებით) აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ნაწილში, მათ შორის თბილისში ადგილი აქვს ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიდან მტვრის მასების გავრცელებას.
სააგენტოს სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი სინოპტიკური პროცესების დროს საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთიდან მტვრის მასების გავრცელება დამახასიათებელია,“ - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.